მონაცემთა დაცვის უფროსობის კანდიდატი: "საკონსტიტუციომ სარჩელზე დროულად უნდა იმსჯელოს"
11/02/2022 09:37:59 პოლიტიკა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსობის კანდიდატი ლელა ჯანაშვილი ამბობს, რომ უმჯობესი იქნება საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად იმსჯელოს სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას სარჩელზე. ამის შესახებ მან პარლამენტში კომიტეტზე მოსმენისად განაცხადა.
"მე მივიღე ეს მნიშვნელოვან გამოწვევად, რომ დავიკავო აღნიშნული თანამდებობა პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში. ეს ჩემი დიდი სურვილია, რომ სამსახური იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასება, როდესაც საკითხი არის საკონსტიტუციო სასამართლოში, ალბათ, ყველა უნდა დაველოდოთ და დავემორჩილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ვადებზე მე ვერ გავაკეთებ კომენტარს, ალბათ, საკონსტიტუციო სასამართლომ, უმჯობესი იქნება, რომ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პროცესები სამართლებრივ ჩარჩოებში წარიმართოს", - განაცხადა ჯანაშვილმა.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ უწყებად გაყოფა მნიშვნელოვნად მიაჩნია, რათა "ამაღლდეს დამოუკიდებლობის ხარისხი".
დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ორ კანდიდატს - ლელა ჯანაშვილისა და თამარ ალფაიძეს მოუსმენს.
ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორად საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით 2019 წელს აირჩია. მის კომპეტენციაში შევიდა სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება, ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვა და ფარულ საგამოძიებო მოქმედებათა კანონიერებაზე კონტროლი. გასული წლის დეკემბერში "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეთ. სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, ისე სახალხო დამცველმა. სახელმწიფო ინსპექტორს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა.


