"ვიმედოვნებთ, უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია"
12/02/2022 13:17:06 პოლიტიკა
"ვიმედოვნებთ, უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკი საკმაოდ მაღალია", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
რაც შეეხება იმას, ხომ არ განხორციელდება უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია, კობახიძე ამბობს, რომ ხელისუფლება მოვლენებს დააკვირდება და დამატებით ზომებს ამის მიხედვით მიიღებს:
„ჩვენთვის, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია. გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას მოქალაქეებთან დაკავშირებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა ზომების მიღებაც საჭირო იქნება, ხელისუფლება ყველა ზომას მიიღებს. ამ ეტაპზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით. დავაკვირდებით მოვლენებს და ამ დაკვირვების საფუძველზე დამატებით ზომებს მივიღებთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა, იგი ამბობს, რომ „ეს არის მთავრობის პრეროგატივა და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ასეთ საკითხებთან დაკავშირებით“.


