"საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების თაობაზე ინიციატივა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას არ გამოიწვევს"
14/02/2022 10:00:57 პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი განმარტავს, თუ რას გულისხმობს საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების თაობაზე პრემიერის დღევანდელი განცხადება.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ინიციატივა საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას არ გამოიწვევს.
„რა თქმა უნდა, ეს არ გამოიწვევს საჯარო სექტორში დასაქმების ზრდას, საჯარო სექტორში დასაქმებას არ გულისხმობს. საზოგადოებრივი სამუშაოები არის ცალკე კატეგორია, რომელიც არის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი პროექტები ხორციელდება. ეს არის ცენტრალური თუ აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა. დაფინანსების წყარო იქნება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან. შესაბამისად, ეს არ არის მიბმული საჯარო სექტორში დასაქმებულების ზრდასთან, გაბერილ კადრებთან, პირიქით. ამ ადამიანების საზოგადოებრივი საქმიანობით ინტეგრირდება მოხდება ისეთ უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ამა თუ იმ საჯარო ფუნქციის შესრულებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ველოდებით გაუმჯობესებას და ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებას", - განაცხადა დავითაშვილმა.
მთავრობა 1 მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას იწყებს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება. როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ დახმარება არ შეუწყდება შრომისუნარიან იმ მოქალაქესაც, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის.


