„ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“ –ჩიქოვანი ამბობს, რომ სტატუსტის ავტორი სამსახურიდან გაუშვა
14/02/2022 12:35:35 პოლიტიკა
ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აცხადებს, რომ საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ „ფეისბუკზე“ გამოქვეყნებული სტატუსის ავტორი – თემურ ხასია "ბათუმის სპორტული ცენტრის" დირექტორობიდან თავად გაათავისუფლა.
„გუშინ მყისიერი კომუნიკაცია მქონდა თემურ ხასიასთან, მათ შორის, დეტალური განხილვა ამასთან დაკავშირებით. გათავისუფლების ბრძანება დაწერილია უკვე და თემურ ხასია აღარ მუშაობს ჩვენს დაქვემდებარებაში. ხასიას მიერ გუშინ გავრცელებული პოსტი არ ასახავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიისა და პოლიტიკური გუნდის განწყობას“, - განაცხადა მერმა 14 თებერვალს ჟურნალისტებთან.
კითხვაზე, ხასიამ თავად დატოვა თანამდებობა, თუ მერმა გაათავისუფლა, ჩიქოვანმა უპასუხა, რომ მერიას დაქვემდებარებული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს თავად ნიშნავს და ათავისუფლებს.
ხასიამ 13 თებერვალს, ღამით, საქართველოში მომხდარი 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ დაწერა:
„ერთი ბიძგი და ავარიული სახლების პრობლემა მოხსნილი გვაქვს“.
მალევე ხასიამ „ფეისბუკზე“ ასევე დაწერა, რომ ტოვებს „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დირექტორის თანამდებობას და ამის შემდეგ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა.


