იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირა
14/02/2022 13:49:38 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმოდგენილ ორივე კანდიდატს მხარი დაუჭირა.
დღევანდელ კომიტეტზე კოკა კაციტაძეს და ემზარ გაგნიძეს უსმენდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევ კანდიდატურებთან დაკავშირებით მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაგრძელდება და კენჭისყრით გადაწყდება, რომელი მათგანი დაიკავებს აღნიშნულ თანამდებობას.
გასული წლის დეკემბერში "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ისე სახალხო დამცველმა. ლონდა თოლორაია ს მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა.


