პენიტენციური სამსახური სააკაშვილისთვის შეზღუდვის დაწესებას უარყოფს
14/02/2022 15:58:09 პოლიტიკა
პენიტენციური სამსახურის ცნობით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ რაიმე სახის ახალი შეზღუდვა არ დაწესებულება.
როგორც უწყება აღნიშნავს, მსჯავრდებულს, რომელიც თავსდება საჯანში, უფლება აქვს ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, წახალისების ფორმით კი - თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.
"მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ სამსახურის მიერ დაწესებულ, რაიმე ახალი სახის შეზღუდვის გამოყენებას ადგილი არ ჰქონია და გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება.
მსჯავრდებული მ. სააკაშვილი, საკუთარი უფლებების შესახებ, სრულად ინფორმირებულია. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანების შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის შემდგომი მოხდა, დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განესაზღვრა. ,,პატიმრობის კოდექსის“ 65-ე მუხლის თანახმად კი, ის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, თავსდება საკანში, უფლება აქვს, ერთი თვის განმავლობაში ჰქონდეს ერთი ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში ერთი, დამატებითი, ხანმოკლე პაემანი.
მსჯავრდებული მ.სააკაშვილი, ასევე, ინფორმირებულია, რომ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია ჰქონდეს ორი ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში ერთი, დამატებითი, ხანგრძლივი პაემანი", - ნათქვამია ინფორმაციაში.
რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პენიტენციურ სამსახურში ამბობენ, რომ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშაა და მკურნალობს დანიშნულების შესაბამისად.
"უტარდება ლაბორატორიული მაჩვენებლების მონიტორინგი და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკა, იღებს სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა რეგულარულ კონსულტაციებს და მკურნალობს დანიშნულების შესაბამისად. აქვე, აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული უარს აცხადებს ფსიქოთერაპევტის კონსულტაციაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს მიხეილ სააკშვილმა ციხიდან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები შეეზღუდა და არა კვირაში ერთხელ, არამედ, თვეში ერთხელ ექნება.


