
ერეკლე ღვინიანიძე:"შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა და აღსრულებას კერძო აღმასრულებლები განახორციელებენ"
15/02/2022 09:05:07 ინტერვიუ, რეკლამა
რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის დასრულებისა და სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, აცნობიერებ, რომ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი გადაწყვეტილება არ იყო, რასაც წლები ელოდი. სასამართლოს გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტური აღსრულება, არის პროცესის დამაგვირგვინებელი ეტაპი. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს სასამართლოს, ნოტარიუსის და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
გთავაზობთ ინტერვიუს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე ერეკლე ღვინიანიძესთან.
- ბატონო ერეკლე, რამდენად ეფექტურია დღეს სააღსრულებო წარმოება?
უპირველეს ყოვლისა, შეგვიძლია მოვიშველიოთ Doing Business-ის რეიტინგები, სადაც კონტრაქტების აღსრულების ნაწილში საქართველო მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის წლებია ადგილს პირველ ათეულში იკავებს. მართალია, პანდემიამ გავლენა სააღსრულებო სისტემის ეფექტურ წარმართვაზეც იქონია, თუმცა, ჩვენ ფაქტობრივად სრულად გადავედით ციფრულ წარმოებაზე, რომლის მეშვეობით ეფექტურობის ხარისხი კიდევ უფრო გავზარდეთ.
- რა სერვისების მიღება შეუძლია მოქალაქეს ელექტრონულად?
მომხმარებელს აღსრულების ეროვნულ ბიუროში ყველა ეტაპი შეუძლია დისტანციურად წარმართოს. ჩვენთან სააღსრულებო ფურცელს და სხვა დოკუმენტაციას, რომელიც საჭიროა აღსრულების დასაწყებად, ვიღებთ, როგორც ელექტრონული ფოსტის, ასევე პორტალ my.gov.ge-ს საშუალებით. მომხმარებელს საშუალება აქვს ელექტრონული სააღსრულებო წარმოების პროგრამის (https://nbof.reestri.gov.ge/) საშუალებით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადევნოს თვალყური თავის სააღსრულებო საქმეს. ბიურომ მაქსიმალურად აუწყო ფეხი მსოფლიო ტექნოლოგიურ განვითარებას. მიმდინარეობს მუშაობა სააღსრულებო წარმოების გაციფრულებაზე, ე.წ. ,,ელექტრონული თანაშემწის“ პროგრამაზე, რომელიც აღმასრულებლის ფიზიკური ჩარევის გარეშე რიგი სააღსრულებო მოქმედებების შესრულებას შეძლებს. პროგრამა მოახერხებს დაზოგოს აღმასრულებლის დროისა და რესურსის დაახლოებით 35 პროცენტი. უკვე შეიქმნა ციფრული არქივი. ასიათასობით საქმე გაციფრულდა და გარდა იმ დოკუმენტებისა, რომელსაც კანონი გვავალდებულებს, ბიურო არ შეინახავს დოკუმენტაციას მატერიალური სახით.
- რა არასააღსრულებო სერვისებს გასცემს აღსრულების ეროვნული ბიურო?
ციფრული მმართველობის დანერგვა გრძელდება ბიუროს არასააღსრულებო სერვისებშიც. ჩვენ გვაქვს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახური. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სერვისი. დავიწყეთ მუშაობა გამარტივებული საქმისწარმოების ციფრული პლატფორმის შექმნაზე, რომლითაც მოქალაქეები სერვისზე მოთხოვნას (აპლიკაციას) სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონულად დაარეგისტრირებენ. ასევე, ფაქტების კონსტატაცია, სრულად ევროპული სერვისი, რომლითაც თქვენ შეგიძლიათ ბუნებაში არსებული ნებისმიერი ფაქტის დაფიქსირება და ოქმის მიღება, რომელსაც სასამართლოში უტყუარი მტკიცებულების ძალა აქვს. ამავდროულად, მაღალი სტანდარტითა და პროფესიონალიზმით მუშაობს შეფასების სამსახური. შეფასების სერვისის მიღება სააღსრულებო წარმოებისგან განცალკევებულად ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
- როდის აღდგება გამოსახლების პროცესი, რომელიც პანდემიის დაწყებიდან შეჩერებულია...
გამოსახლება საკმაოდ რთული პროცესია. უმეტესწილად, გამოსახლების დროს ადგილზე თავს მრავალი ადამიანი იყრის, ახლობლები, მეზობლები და სხვა. შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არის შეჩერებული ეს პროცესი. თუმცა, პროცესის აღდგენაზე მსჯელობა აქტიურად მიდის და თებერვლის თვის ბოლომდე აღსრულების პოლიცია უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას კვლავ დაიწყებს. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი სრულად შეჩერებული არც ამ პერიოდის განმავლობაში იყო. აღსრულების პოლიცია და მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახური, ჩვენი სოციალური მუშაკები აქტიურ კომუნიკაციაში იყვნენ მხარეებთან და სადაც შესაძლებლობა არსებობდა მორიგების, საქმეები ნებაყოფლობით სრულდებოდა.
- და ბოლოს, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იგეგმება სააღსრულებო სისტემის ცვლილება, აღსრულების ახალ კოდექსს განიხილავს პარლამენტი. რა ხდება ამ მიმართულებით?
დღეს საქართველოში აღსრულებას ახორციელებს როგორც აღსრულების ეროვნული ბიურო, ასევე ლიცენზირებული კერძო აღმასრულებლები. ახალი კოდექსით, სააღსრულებო პროცესს სრულად კერძო აღმასრულებლები განახორციელებენ. შეიქმნება აღმასრულებელთა პალატა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს კერძო აღმასრულებლების საქმიანობას. ეს არის ევროპული მოდელი და ვფიქრობთ, მისი შემოღებით, აღსრულების სისტემა კიდევ უფრო მოქნილი და ეფექტური გახდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021