"ხვალ უკრაინასა და საქართველოსთან ერთად განვიხილავთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ მდგომარეობას"
15/02/2022 13:03:11 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, 16–17 თებერვლისთვის დაგეგმილ ალიანსის თავდაცვის მინისტრები შეხვედრაში საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
მისი თქმით, ნატო–ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
"ევროპაში უსაფრთხოების კუთხით ყველაზე სერიოზული კრიზისის დროს, ხვალ ნატო–ს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან. [...] ხვალ თავდაცვის მინისტრები შეხვდებიან ჩვენს კოლეგებს უკრაინიდან და საქართველოდან, რათა განიხილონ შავი ზღვის რეგიონში გაუარესებული უსაფრთხოების მდგომარეობა. ნატოს მოკავშირეები კიდევ ერთხელ დაადასტურებენ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", – განაცხადა სტოლტენებრგმა.
მისი თქმით, ალიანსი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, თუმცა ნატო ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


