
პარლამენტმა ლელა ჯანაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად აირჩია
15/02/2022 14:36:43 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსად ლელა ჯანაშვილი აირჩია.
პარლამენტს ამ თანამდებობაზე პრემიერმ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ორი კანდიდატურა ლელა ჯანაშვილი და თამარ ალფაიძე წარუდგინა. მათ შორის დეპუტატების ხმები ასე გადანაწილდა:
- ლელა ჯანაშვილი: მომხრე - 77; წინააღმდეგი - 2;
- თამარ ალფაიძე: მომხრე - 4; წინააღმდეგი - 3.
გასული წლის დეკემბერში "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ისე სახალხო დამცველმა. ლონდა თოლორაიას მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა.