პარლამენტმა კოკა კაციტაძე აირჩია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე
15/02/2022 14:38:07 პოლიტიკა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაყოფის შედეგად შექმნილი ერთ-ერთი ორგანოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე პარლამენტმა კოკა კაციტაძე 76 ხმით, ერთის წინააღმდეგ აირჩია. მეორე კანდიდატმა, ემზარ გაგნიძემ 6 ხმა მიიღო, ორის წინააღმდეგ.
კაციტაძე გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებს. მანამდე ის ხელმძღვანელობდა გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს. ამასთან, კაციტაძე არის სპიკერ-პროკურორი.
გასული წლის დეკემბერში "ქართულმა ოცნებამ" კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი ახალი უწყების - სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შექმნას. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ უწყების გაყოფა მის გაძლიერებას უკავშირდება.
კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღეს. სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და მისი მოადგილეები თანამდებობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდნენ. ლონდა თოლორაიას უფლებამოსილება პირველ მარტს ეწურება. პარლამენტის ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ისე სახალხო დამცველმა. ლონდა თოლორაიას მიაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა "დამოუკიდებლობისთვის" დასაჯა.


