კობახიძე - მანდატების შეწყვეტაზე: "ეს გადაწყვეტილებაც ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას"
15/02/2022 15:30:56 პოლიტიკა
ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის წევრი დეპუტატებისთვის მანდატების შეყვეტა ქვეყნის დამშვიდებას ემსახურება.
მისი თქმით, სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე პრეზიდენტის განცხადება მისი შეფასებაა, უმრავლესობას კი სხვა პოზიცია აქვს.
„ეს არის მისი პოზიცია, მე ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რაც არის დასაბუთებული, როგორც სამართლებრივად, ასევე პოლიტიკურად. გახსოვთ, რამდენად რთული და ცხელი იყო ვითარება ერთი წლის წინ და ამ ცხელი ვითარების შემოქმედთა შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ ის პირები, რომლებსაც დღეს შევუწყვიტეთ უფლებამოსილება, ესენი არიან ელენე ხოშტარია, ბადრი ჯაფარიძე და შალვა ნათელაშვილი. ჩვენ მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებებით, ამას ხაზგასმით ვამბობ, მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მათი მიზანი იყო ქვეყნის არევა, ჩვენი მიზანი იყო ქვეყნის დამშვიდება და გვიწევდა მათთან დაპირისპირება, რომ ქვეყანას შეენარჩუნებინა სიმშვიდე. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც ამ კონკრეტული სამი დეპუტატის მიმართ რა თქმა უნდა ასევე ემსახურება ქვეყნის დამშვიდებას“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტმა დღეს სამ დეპუტატს - ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას შეუწყვიტა სადეპუტატო უფლებამოსილება. გარდა ამისა, პარლამენტი დატოვა ყოფილმა სპიკერმა, კახა კუჭავამ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება რამდენიმე დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას.


