Accentnews.ge
უკრაინის ელჩი: "დღეს ომი არ არის, რადგან ყველანი ერთად ვართ"

უკრაინის ელჩი: "დღეს ომი არ არის, რადგან ყველანი ერთად ვართ"

16/02/2022 10:46:13 პოლიტიკა

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ომს დაგვიპრდნენ, მაგრამ დღეს ომი არ არის, რადგან ყველანი ერთად ვართ“, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა უკრაინის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს უკრაინაში არ ისვრიან სწორედ ერთიანობის წყალობით და იმის გამო, რომ სტრატეგიული პარტნიორები უკრაინას იარაღით, ფინანსურად და მორალურად დაეხმარნენ.

როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, განსაცდელის დროს საქართველო და უკრაინა ერთად და უფრო ახლოს უნდა იყვნენ, რადგან სხვა არჩევანი არ არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ამას შეიძლება, კამერების წინ არ ამბობდნენ, იციან, რა უნდა გააკეთონ ერთმანეთისთვის.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, საგარეო საქმეთა სამინისტროს და კიევში საქართველოს საელჩოს, ელჩს და ყველა დიპლომატს, რომლებიც უკრაინაში არიან.

"ნებისმიერ აგრესიას და მუქარას წინააღმდეგობა სწორედ ერთიანობით უნდა გავუწიოთ და საქართველოს ჰიმნიც სწორედ ამ სიტყვებს მოიცავს - „ძალა ერთობაშია”, – განაცხადა დოლგოვმა.

ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ არც უკრაინამ, არც საქართველომ და არც მათმა პარტნიორებმა უარი არ თქვეს პრინციპზე, რომ ნატო–ში გაწევრიანება თავად ამ ქვეყნების და მათი ხალხების სუვერენული უფლებაა.

"თუ დღეს უკრაინას თავს არ დაესხნენ, ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ არაფერი შეიცვლება, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, ჩვენ ერთად ვართ და ერთად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ელჩმა.

რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ რუსეთი უკრაინას შესაძლოა, თავს დაესხას 16 თებერვალს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ერთიანობის დღე საქართველოში უკრაინის საელჩომ დღეს უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიით აღნიშნა. ამ დღის აღსანიშნავად საელჩოში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.

რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S