"ნატო-ს მინისტერიალი არის პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ"
16/02/2022 11:00:39 პოლიტიკა
ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის მინისტერიალი არის პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ. ამის შესახებ მან ნატო–ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
"მინისტერიალზე ყურადღება გამახვილებული იქნება ევროპაში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე. ჩვენ ასევე გავმართავთ შეხვედრებს ჩვენს პარტნიორებთან საქართველოდან და უკრაინიდან. ეს იქნება პლატფორმა ევროპის ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მნიშვნელობაზე სასაუბროდ. ჩვენ ასევე შევხვდებით ჩვენს ახლო პარტნიორებს, შვედეთს და ფინეთს და ევროკავშირს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ბრუუსელში დღეს და ხვალ იმართება. ხვალ ნატო–ს თავდაცვის მინისტერიალში საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
აშშ–ში არ გამორიცხავენ, რომ რუსეთმა ომი ჩინეთში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადის პერიოდში დაიწყოს. რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება.


