"საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"
16/02/2022 12:24:40 პოლიტიკა
უკრაინის ირგვლივ უკიდურესად დაძაბული მოვლენების ფონზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კიევისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
"საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთიანობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების წინაშე. ჩვენ უკრაინასთან ერთად ვდგავართ", – წერს ზურაბიშვილი სოციალრ ქსელში.
რამდენიმე დღის წინ, დასავლეთის ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამერიკული დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობები, რომ რუსეთი უკრაინას შესაძლოა, თავს დაესხას 16 თებერვალს. ეს დღე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ერთიანობის დღე საქართველოში უკრაინის საელჩომ დღეს უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიით აღნიშნა. ამ დღის აღსანიშნავად საელჩოში იმყოფებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე.
ცნობისთვის: გასული წლის ნოემბრიდან რუსეთმა უკრაინის საზღვრის მახლობლად თავი მოუყარა დიდძალ ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას. დასავლეთში შიშობენ, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი სამხედრო აგრესიისთვის ემზადება. კრემლი ბრალდებას უარყოფს და დესტაბილიზაციაში უკრაინის ხელისუფლებას და მის დასავლელ პარტნიორებს ადანაშაულებს.
რუსეთთან დიალოგის პარალელურად, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები ევროპაში აცხადებენ, რომ უკრაინაზე თავდასხმას უმკაცრესი პასუხი მოჰყვება


