Accentnews.ge
რა გამოწვევის წინაშე აყენებს გერმანიის კანცლერის განცხადება მათ შორის საქართველოს

რა გამოწვევის წინაშე აყენებს გერმანიის კანცლერის განცხადება მათ შორის საქართველოს

16/02/2022 16:06:44 ინტერვიუ

რუსეთი ირწმუნება, რომ მისი საჯარისო ნაწილები უკრაინის საზღვრებს ტოვებენ, თუმცა დასავლეთი ფრთხილი ოპტიმიზმით აკვირდება პროცესს, ვერ ხედავს რა დეესკალაციის ფაქტობრივ მტკიცებულებებს. როგორც ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ტერიტორია დატოვოს სამხედრო ტექნიკამ, ვინაიდან ქვეითების კვლავ მობილიზება მოკლე დროშია შესაძლებელი. ამ ფონზე ყურადღება მიიქცია გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებამ მოსკოვში ვიზიტისას კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მოცემულობა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოებას წევრებს შორის სკეპტიკოსები ჰყავს და რომ მათ შორისაა გერმანიაც, სიახლეს არ წარმოადგენს და ეს თავად ვლადიმირ პუტინისთვისაც იყო ცნობილი, როდესაც ნატო–სგან „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვდა, თუმცა ამ შემთხვევაში რიგ ექსპერტთა შეშფოთება გამოიწვია შოლცის შემდეგმა ფრაზამ: "ეს [უკრაინის ნატო–ში გაწევრიანება – რედ.] ალბათ, არ არის ის საკითხი, რომელთანაც ჩვენ ორს თანამდებობებზე ყოფნისას გვექნება საქმე. არ ვიცი, პრეზიდენტი პუტინი თანამდებობაზე რამდენ ხანს აპირებს დარჩენას, მაგრამ განცდა მაქვს, რომ ეს შეიძლება, დიდხანს გაგრძელდეს, მაგრამ არა სამუდამოდ“.

ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ კრემლთან მიმართებაში ბერლინის მსგავსი პოზიციონირება თავად გერმანიის ინტერესებს აზიანებს და რომ ნატო–ში ბევრი არ იზიარებს მსგავს მიდგომებს, თუმცა ვინაიდან ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კონსესუსზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, მის პოზიციას ცხადია, საკვანძო მნიშვნელობა აქვს. და თუ შოლცის განცხადება მიგვანიშნებს, რომ საქართველოს მისწრაფებას თვალსაწიერ მომავალში აღსრულება არ უწერია, პროცესზე დამკვირებელთა ნაწილის მხრიდან გამოითქვა შიში, რომ მსგავსი პოზიციონირება ქართულ საზოგადოებაში იმედგაცრუებას გააღრმავებს, რითაც აუცილებლად ისარგებლებენ აქტიური პრორუსული ჯგუფები. ამიტომ, მათი ხედვით, დაუყოვნებლივაა დასაწყები ფართო პოლიტიკური მსჯელობა ერთის მხრივ, საზოგადოების რუსული ფსიქოლოგიურ–დივერსიული ოპერაციებისგან დაცვის მექანიზმების, მეორეს მხრივ, მცირე კოალიციების თაობაზე, ვიდრე ქვეყანა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებით შეძლებს. ამ კუთხით ექსპერტთა დიდი ნაწილი ინტერესით უყურებს რეგიონში დაანონსებულ ახალ ალიანსს ბრიტანეთ–პოლონეთ–უკრაინის ჩართულობით და დარწმუნებულნი არიან მისი გაფართოების პერსპექტივებში.

მაინც რატომ ჩათვალა გერმანიის კანცლერმა მსგავსი პოზიციონირება აუცილებლად? არის ეს რუსეთისთვის ერთგვარი დე ფაქტო ვეტო–ს უფლების მინიჭება? – ოპოზიციონერი დეპუტატი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეონა აქუბარდია უკანასკნელ ფორმულირებას არ იზიარებს, თუმცა ყურადღებას ამახვილებს კონტექსტზე და კანცლერის მიზანზე, ევროპაში ომი არ დაუშვას:

„გერმანიას თავისი ინტერესები აქვს – რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება. „ჩრდილოეთის ნაკად 2“–ზე კანცლერმა თქვა, რომ პროექტის ბედი დამოკიდებულია იმაზე, დაიწყებს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრას. ამდენად, გერმანია ცდილობს, ერთის მხრივ ევროპული უსაფრთხოება გადაარჩინოს და მშვიდობა უზრუნველყოს ევროპის კონტინენტზე, ასევე გადაარჩინოს „ჩრდილოეთის ნაკადის 2“–ის პროექტი იმით, რომ არ დაუშვას უკრაინაში რუსეთის შეჭრა. ეს განცხადებაც ამ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ. თავად ის, რომ გერმანია სკეპტიკურად არის განწყობილი ნატო–ს გაფართოების მიმართ, ახალი არაა. ამ განცხადებაშიც მან აქცენტი თანამდებობაზე ყოფნის საკუთარ ვადაზე მეტად გააკეთა, ვიდრე პუტინის. მას არ გამოურიცხავს შესაძლებლობა, რომ ოდესმე საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. [...] გერმანიას განსაკუთრებით ფრთხილი პოზიცია აქვს რუსეთთან მიმართებით და ეს არის მოცემულობა. ყოფილი კანცლერის ვიზიტიც გახსოვთ საქართველოში, როდესაც მას გაუჭირდა ოკუპაციის ხსენება. მხოლოდ რამდენიმე კითხვის შემდეგ თქვა ეს ღიად. ობიექტურად, ეს დაბრკოლებაა“.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნატო–ს გაფართოებაზე გერმანიის სკეპტიკური განწყობა ცნობილია, როდესაც კანცლერი მოსკოვში ომის არდაშვების მიზნით ჩადის და ამ კონტექსტში აკეთებს ზემოთხსენებულ განცხადებას, აქუბარდია მიიჩნევს, რომ ეს ჩვენთვის მაინც საგანგაშოა, „რადგან რუსეთი უკან ნაბიჯ–ნაბიჯ დახევით ცდილობს დასავლეთის ერთობის მოშლას, ენერგეტიკული რესურსების პოლიტიკური მიზნით გამოყენებას და რაც მთავარია, ცდილობს, დანერგოს ნარატივი, „რომ არ ყოფილიყო ბუქარესტის სამიტი, რუსეთი აგრესიული არ იქნებოდა“:

„ცხადია, ეს მცდარია! მათ შორის საქართველოში, 1990–იან წლებში, როდესაც რუსეთი უშუალოდ მონაწილეობდა ცხინვალის და აფხაზეთის მიმართულებით კონფლიქტებში, საქართველოს ნატო–ში წევრობის განაცხადიც არ ჰქონდა გაკეთებული. ამიტომ, ეს რუსული ნარატივები, რომელიც დასავლეთის რიგ ქვეყნებშიც მუსირებს, არის არასწორი აღქმა რუსეთის რეალური მიზნების, რომელიც გულისხმობს სამეზობლოში შეზღუდული სუვერენიტეტის დანერგვას, საერთაშორისო წესრიგის ცვლილებას საკუთარი ინტერესების შესაბამისად“.

როგორც აქუბარდია „აქცენტთან“ აღნიშნავს, რუსეთი არა კონკრეტულ პარტიას, საზოგადოების ინტერესებს უქმნის საფრთხეს, „ქართული ოცნება“ კი შიდა პოლიტიკით ცდილობს, გადაფაროს უსუსურობა, რომელსაც საგარეო ასპარეზზე ავლენს.

მისი ხედვით, პოლიტიკის საკითხებზე აქტიური მსჯელობა სწორედ პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს, მათ შორის, მთავრობის წევრების აქტიური დაბარება საკანონმდებლო ორგანოში:

„თანამედროვე მსოფლიო წესრიგი იცვლება და ამ მოცემულობაში საქართველომ საგარეო პოლიტიკაში რა ცვლილებები შეიძლება, განახორციელოს, რა შესაძლებლობები ჩნდება მათ შორის კრიზისიდან – ეს არის საკითხები, რაზეც უნდა მიმდინარებდეს მსჯელობა პარლამენტში როგორც პოლიტიკის, ასევე მთავრობის ანგარიშვალდებულების კუთხით.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან სირთულეები გვაქს, ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ პარლამენტში არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ, მეორეს მხრივ, ოპოზიციის შიგნით შევქმნათ კონსესუსი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ მხრივ გარკვეული პროგრესი გვაქვს, როდესაც უკრაინის რეზოლუციასთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიები იყვნენ ერთიანნი, ასევე იყო ორი დახურული სხდომა უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით, მაგრამ ეს საკმარისი არაა. პოლიტიკის შესახებ საუბრები დაუყოვნებლივ დასწყებია და ამას სჭირდება ოპოზიციიდან კონცენტრაცია რათა ხელისუფლებას არა მხოლოდ ვუსაყვედუროთ, კონკრეტული ინიციატივები შევთავაზოთ და დავიბაროთ მთავრობის წევრები პარლამენტში“.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ მთავარი პრობლემა, რასაც თავად ყოველდღიურად აწყდება, არის ის, რომ ხელისუფლებას „სირაქლემას“ პოზიციას იკავებს და არ ავლენს რაიმე ტიპის ინტერესს არც ახალ ალიანსებთან და არც შესაძლებლობებთან მიმართებით. ამიტომ, აქუბარდია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები უნდა იყვნენ მიზანმიმართულნი თავიანთ ინიციატივებში, ალტერნატიულ წინადადებებში, რათა ხალხმა, „რომელმაც აირჩია სუვერენიტეტი, უსაფრთხო განვითარების შესაძლებლობა, კეთილდღეობა, დაინახოს განსხვავება მანამ, ვიდრე ხელისფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S