ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ ვიცე-სპიკერი კრემლს დონბასისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებისკენ მოუწოდებს
16/02/2022 18:19:37 პოლიტიკა
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. ვიცე-სპიკერი პეტრე გასიევი რუსეთს დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობის" აღიარებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, "აღიარება იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლისღვრის შეჩერებას".
"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ წამოყენებულ ინიციატივას ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ვფიქრობ, ეს არის ერთადერთი სწორი ნაბიჯი, რომელიც ხელს შეუწყობს სისხლისღვრის შეჩერებას და ამ რესპუბლიკების მოსახლეობის გადარჩენას უკრაინის გენოციდისგან“, - განაცხადა გასიევმა.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონმა დონეცკისა და ლუგანსკის "დამოუკიდებლობა" 2014 წელს აღიარა.
15 თებერვალს რუსეთის "სახელმწიფო სათათბიროს" დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს პრეზიდენტ პუტინისადმი მიმართვას თხოვნით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღოაროს.
დადგენილების პროექტი კომპარტიამ მოამზადა. მას ხმა 351-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ - 16-მა, ერთმა პარლამენტარმა თავი შეიკავა.
2014 წლის მაისში დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებმა უკრაინისგან "დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელდასმითა და ორგანიზებით ჩატარდა რეფერენდუმები "თვითგამორკვევის" თაობაზე. ამ ეტაპზე ორივე "სახალხო რესპუბლიკა" მხოლოდ საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას აქვს აღიარებული, რომლის მმართველი დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ იღწვის.


