კირკიტაძე რუსთაველებს ავტოფარეხებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონებას დაპირდა
17/02/2022 07:36:55 პოლიტიკა
რუსთაის მერობის ყოფილი კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძე რუსთავის მოსახლეობას ავტოფარეხებისა და მიწის ნაკვეთების დაკანონებას ჰპირდება.
როგორც მან 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ამ კუთხით საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზეც იმუშავებენ.
"სწორედ რუსთავში, ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციამ, იწყება კონკრეტული საქმის კეთება... თითოეულმა რუსთაველმა უნდა იცოდეს, რომ დღეიდან მათ შეეძლებათ რუსთავის საკრებულოში მისვლა, სადაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმაზე, რომ რუსთაველებს გადაეცეთ ქონება, რომელსაც ჩაფრენილია საქართველოს ხელისუფლება და არ აძლევს მათ. ეს იქნება ავტოფარეხები, მიწის ნაკვეთები, რომელიც ისედაც ეკუთვნით რუსთაველებს", - განაცხადა კირკიტაძემ.
2021 წლის არჩევნებზე რუსთავის მერი "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე გახდა, თუმცა საკრებულო ოპოზიციურია: საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდის წევრი ნოდარ შეროზია გახდა. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 16-16 დეპუტატი "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს, 3 კი გახარიას პარტიას.


