"ჯაფარიძემ არჩია სისტემას დაპირისპირებოდა"
17/02/2022 09:38:21 პოლიტიკა
ჩვენ რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა გვდომებოდა, დაახლოებით 4-5 თვის წინ შეგვეძლო 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ასეთი რამ 2-ჯერ არ გავაკეთეთ, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ლელოს“ ლიდერის ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორმევა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ხისტად არ მოქმედებს, მაგრამ პრინციპულია იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება:
„კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტი მხოლოდ პოლიტიკურ და არა სამართლებრივ გადაწყვეტილებას იღებს. სასამართლო იღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებებს, პარლამენტი კი პოლიტიკურს. სამართლებრივი საფუძვლით პარლამენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს და ამაშია საქმე. ჩვენ უნდა გვემსჯელა პოლიტიკური თვალსაზრისით მანდატის შეწყვეტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ასე იმსჯელა პარლამენტმა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო“.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის.
„ბადრი ჯაფარიძემ არჩია სისტემას დაპირისპირებოდა. გახსოვთ, რომ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აბრალებდა სასამართლოსთვის დაკვეთის მიცემას. ეს არის სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირება და როდესაც პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება, ბუნებრივია, სისტემა მას პასუხს სცემს. ჩვენ რომ ვინმეს მიმართ პოლიტიკური დევნა გვდომებოდა, შეგვეძლო დაახლოებით 4-5 თვის წინ დაახლოებით 50 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, თუმცა, ასეთი რამ 2-ჯერ არ გავაკეთეთ. ჩვენ არ ვმოქმედებთ ხისტად, მაგრამ პრინციპულად ვმოქმედებთ იქ, სადაც კონკრეტული პოლიტიკოსი სისტემას უპირისპირდება. [...] მონანიება სამართლებრივადაც არის შემსუბუქების საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებ, რა თქმა უნდა, მონანიება და სისტემის წინააღმდეგ არდაპირისპირება, შეიძლება გახდეს შენი პოლიტიკური გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: „ლელოს“ გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.


