"საქართველოს დელეგაციის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნა მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია"
18/02/2022 12:09:04 პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ქართული დელეგაციის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ყოფნა მიანიშნებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის საქართველოს აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი შეხვედრები, სადაც მთავრობის მეთაური ისაუბრებს სამხრეთ კავკასიაზე და სამშვიდობო ინიციატივებზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ზოგადად, მაგრამ განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც უკრაინის გარშემო არის ასეთი დაძაბული სიტუაცია. მსოფლიო თანამეგობრობა ბუნებრივია, იმსჯელებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სიტუაციის დეესკალაციისთვის. ის ფაქტი, რომ საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აქ იმყოფება, მოგეხსენებათ, რომ ის პირადად არის მოწვეული ვოლფგანგ იშინგერის მიერ ამ ღონისძიებაზე, მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო თანამეგობრობისთვის ჩვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ საქართველო იმყოფება გამოწვევებით სავსე რეგიონში და ჩვენ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის მძიმე შედეგები, რაც მოჰყვა 2008 წლის ომს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიციები ბუნებრივია, ყველასთვის საინტერესოა და პრემიერი ყველა დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს ასევე ჩვენს რეგიონზე, სამხრეთ კავკასიაზე, სამშვიდობო ინიციატივებზე. ერთ-ერთი ძალიან წარმომადგენლობითი ღონისძება, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას, სწორედ ჩვენს რეგიონზე იქნება ფოკუსირებული და ამ დისკუსიაში კონცენტრირება იქნება სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც პრემიერმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან წარმოადგინა. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, დაგეგმილია შეხვედრები ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან, რადგან პანდემიის შემდეგ ეკონომიკური გაჯანსაღება და მეტი ინვესტიციის მოზიდვა ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
დღეს გერმანიის ქალაქ მიუნხენში იხსნება უსაფრთხოების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს ასეულობით ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
გერმანიაში საქართველოს ელჩ ლევან იზორიას განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კიდევ ერთი პლატფორმა იქნება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების - ნატო–სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გაცხადებისთვის. ელჩის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სამხრეთ კავკასიაში სამშვიდობო ინიციატივის პრეზენტაციაც.
მიუნხენის უსაფრთხოების 58-ე კონფერენცია 20 თებერვალს დასრულდება.


