"ევროკავშირი მტკიცედ მუშაობდა, რომ პარლამენტი ინკლუზიური ყოფილიყო, მარტივი მათემატიკაა, რაც ნაკლები მანდატია, მით ნაკლებია პლურალიზმი"
21/02/2022 10:43:08 პოლიტიკა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატის შეწყვეტაზე "ქართული ოცნების" კრიტიკას პასუხობს.
"მარტივი მათემატიკაა, პარლამენტში რაც უფრო ნაკლებია ათვისებული მანდატები, ნაკლებია პლურალიზმი. ევროკავშირი ბევრს მუშაობდა და ძალიან დიდი ძალისხმევაც ჩადო, რომ პარლამენტი ყოფილიყო ინკლუზიური, მათ შორის 19 აპრილის შეთანხმების გათვალისწინებით, თუმცა ეს პროცესი როგორ აისახება შემდგომ საპარლამენტო მუშაობაზე ეს ჯერჯერობით უცნობია, მათ შორის ფრაქციების დაკომპელქტების ნაწილში. ვნახოთ რა იქნება", -განაცხადა ელჩმა.
15 თებერვალს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა ოპოზიციის წევრ სამ დეპუტატს. ფაქტის კომენტირებისას ევროკავშირის ელჩმა განაცხადა:
"რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად".
ელჩის საპასუხოდ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა: "პატივს ვცემთ სტრატეგიულ პარტნიორებს, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ სამართლიანი და არასამართლიანი, ობიექტური და არაობიექტური განცხადებები".
ამასთან, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კატეგორიულად არ ეთანხმება ევროკავშირის ელჩის შეფასებას დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე:
"არც ბატონმა კარლმა არ იმსჯელა იმ ობიექტური კრიტერიუმებიდან და გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ამ გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად... არც მიზანშეწონილობაზე ჰქონდა სწორი შეფასება და არც სამართლებრივ საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მას კატეგორიულად არ ვეთანხმები".


