
"ეს არ იქნება მარტივი გასეირნება" – ინტერვიუ უკრაინელ სამხედროსთან
21/02/2022 18:33:56 ინტერვიუ
უკრაინის უსაფრთხოების ირგვლივ კრემლის მიერ შექმნილი კრიზისის გამო დასავლეთის მცდელობის ფონზე, დიპლომატიურ კალაპოტში მოაქციოს პროცესები, უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება მკვეთრად დაიძაბა: საერთაშორისო დამკვირვებლები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევების მნიშვნელოვნად ზრდის თაობაზე იუწყებიან, თავის მხრივ პრორუსი სეპარატისტები უკრაინის ცენტრალურ ხელისულებას ადანაშაულებენ ოკუპირებული ტერიტორიების დაბომბვაში, გამოაცხადეს საყოველთაო მობილიზება და მოქალაქეთა ევაკუაცია. საყურადღებოა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დევნილების დროებითი განთავსების ობიექტებთან მედიას წვდომა შეუზღუდა, ხოლო ვიდრე მათ კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდათ, მოქალაქეები ყვებოდნენ, რომ ევაკუაცია სრულიად მოულოდნელად გამოცხადდა ისე, რომ მსგავსი საჭიროების განსაკუთრებული ნიშნები არ იგრძნობოდა.
პროცესზე დამკვირვებლები სხვადასხვაგვარად აფასებენ მიმდინარე მოვლენებს, თუმცა მათ შორის, დასავლეთშიც დომინირებს მოსაზრება, რომ კრემლი პრორუსი სეპარატისტების დახმარებით ეწევა პროვოკაციას, რათა სრულმასშტაბიანი ომის წამოწყებისთვის საბაბი შექმნას.
რეალურად რა ვითარებაა ადგილზე? როგორია სამხედროების თუ სამოქალაქო საზოგადოების განწყობები? არის ომის მოლოდინი? – ამ და სხვა საკითხებზე „აქცენტს“ სამხედრო და პოლიტიკური ექსპერტი, რუსულ პროპაგანდასთან მებრძოლი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი იური კოჩევენკო ესაუბრა, რომელიც ამჟამად დონბასში, მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება.
რა ხდება?
კოჩევენკო გვიამბობს, რომ ადგილზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუარესდა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს უკრაინელი სამხედროების პოზიციების, საცხოვრებელი სახლების და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა:
„ალბათ, თქვენთვისაც ცნობილია, რომ ლუგანსკში საბავშვო ბაღი დაბომბეს, შედეგად, სამმა აღმზრდელმა კონტუზია მიიღო, ბავშვები დაშავებას სასწაულებრივად გადაურჩნენ. ნაკლებადაა ცნობილი, რომ იმავე დღეს რუსული ჭურვი სკოლის ეზოშიც ჩამოვარდა. ესკალაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, კიდევ რამდენიმე სამხედრომ და სამოქალაქო პირმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. ოკუპანტები ღიად იყენებენ მინსკის შეთანხმებით აკრძალულ იარაღს: მსხვილი კალიბრის საარტილერიო იარაღს, ნაღმტყორცნებს, ტანკებს. საერთაშორისო დამკვირვებლები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი პოზიციების დღეში საშუალოდ 60-70 დაბომბვას აღრიცხავენ. გუშინ სამეთაურო შტაბის დაბომბვა სცადეს, სადაც მეც გახლდით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. და ეს ყველაფერი ხდება რუსული პროპაგანდისტული მედიის ვაკხანალიის ფონზე, რომლებიც უკრაინას ადანაშაულებენ დაბომბვასა და მითიური შეტევის მზადებაში“.
კოჩევენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ მართული მედიის „ისტერია“ ესკალაციისკენაა მიმართული, ხოლო მასზე პასუხისმგებელია კრემლი, ისევე როგორც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეების დაცინვაზე, რომლებიც იძულებით გადაჰყავთ როსტოვის ოლქში აბსოლუტურად მოგონილი მიზეზით, თითქოს უკრაინა აგრესიისთვის ემზადება“:
„ეს ევაკუაცია წმინდა წყლის სპექტაკლია და ვწუხვარ, რომ ხალხი იქცა ამ სპექტაკლის ტყვედ. მიჰყავთ გაურკვეველი მიმართულებით, ცივა, კვების და სასმელი წყლის მიწოდების პრობლემაა. რეალურად კი არ არსებობს არანაირი საფრთხე იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ასე მოექცნენ!“.
„ამ პროვოკაციებისთვის მზად ვიყავით“
„უკრაინის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში იმყოფებიან, ამ პროვოკაციებისთვის მზად ვიყავით და ამას ადასტურებს ჩვენი მხრიდან დანაკარგის არარსებობა, რადგან ვიცით, როგორც უნდა მოვიქცეთ“,– ამბობს კოჩევენკო და იქვე დასძენს, რომ „მზად ვარ, ვუთავაზოთ „კბილებში“, თუ ისინი შეუტევენ ჩვენს პოზიციებს, მაგრამ ვადასტურებთ რა ერთგულებას სიტუაციის მშვიდობიანი რეგულირებისადმი, ჩვენ ამ დაბომბვებს უკიდურეს შემთხვევაში ვუპასუხებთ, როდესაც საფრთხე დაემუქრებათ ჩვენს მშვიდობიან მოქალაქეებს, სამხედროებს. ამჟამად ისვრიან მხოლოდ რუსები. ზოგჯერ ერთმანეთს ესვრიან, რათა შემდეგ ეს თავიანთი პროპაგანდისტული მედიის საშუალებით წარმოაჩინონ როგორც უკრაინელების პასუხი“.
„ცხოვრება გრძელდება, ევაკუაცია არ იგეგმება“
უკრაინელი მებრძოლი ამბობს, რომ ამჟამად გამყოფი ხაზის ირგვლივ მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია არ იგეგმება, არ არსებობს რა უკრაინის მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დაწყების განზრახვა, ვინაიდან აღებული ვალდებულებების და სამშვიდობო შეთანხმების ერთგული რჩება, ხოლო ხალხი ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს:
„ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება: მუშაობენ მაღაზიები, სკოლები, ხალხი სამსახურში დადის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებს. არ არსებობს პანიკის და ისტერიის საფუძველი, რომლის შექმნასაც ოკუპანტები ცდილობენ“.
ამასთან, თანამოსაუბრე გვიდასტურებს, რომ უკანასკნელი დაძაბულობის ფონზე მოქალაქეების რიგი არა სასურსათო, არამედ იარაღის მაღაზიაში დადგა და მოხალისეები აქტიურად მიმართავენ ტერიტორიული თავდაცვის ორგანოებს:
„ეს სიმართლეა. შანტაჟზე, შემოჭრის მუქარაზე უკრაინელების რეაქცია იყო არა ისეთი, როგორსაც ალბათ, ოკუპანტები მოელოდნენ - რომ ქვეყნიდან გაიქცეოდნენ, დაიმალებოდნენ ან დანებდებოდნენ, არამედ ერთადერთი მიმართულება, საითაც გაიქცნენ, იარაღის მაღაზიები და ტერიტორიული თავდაცვის ორგანოები იყო. მგონია, რომ მსგავსი სამოქალაქო აქტიურობა, მზაობა, დაიცვან საკუთარი ქვეყანა უკრაინის ისტორიაში არ ყოფილა, არც 2014 წელს იყო“.
კოჩევენკო გვიზიარებს, რომ დღეს უკრაინელებს თავისუფლების წყურვილი და იმ უსამართლობით და მუხთლობით გამოწვეული ბრაზი აერთიანებთ, რომელიც რუსეთმა უკრაინის მისამართით ჩაიდინა:
„სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაშიც არსებობენ სულელები, რომლებიც რაღაც მიზეზით დაჰყვნენ რუსულ პროპაგანდას და მხარს უჭერენ არა საკუთარ ქვეყანას, არამედ მოწინააღმდეგეს. მაგრამ უკრაინელების აბსოლუტური უმრავლესობა როგორც 2008 წელს უჭერდა მხარს საქართველოს ბრძოლას თავისუფლებისთვის, ახლაც მზადაა ბრძოლისთვის!“
იქნება ომი?
უკრაინელი მებრძოლი არ გამორიცხავს, რომ მიუხედავად უკრაინის პოზიციონირებისა დიპლომატიური მოლაპარაკებების ჩარჩოებში დარჩენის თაობაზე, კრემლი საქართველოს სცენარის გათამაშებას ცდილობდეს და სწორედ ამაზე მიანიშნებდეს ამჟამად აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ფიქრობს, რომ არც დასავლეთის პროგნოზია უსაფუძვლო, ეფუძნება რა რუსი სამხედროების მოქმედების ხასიათს ანექსირებულ ყირიმსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, აქტივობებს ბელარუსში და რუსეთშიც:
„ცდილობენ, ეს სცენარი გამოიყენონ, მარამ თავდაჯერებულები ვართ, არ გვეშინია პროვოკაციების. აქ ბევრი უცხოელი ჟურნალისტია, მუშაობენ საერთაშორისო დამკვირვებლები, მთელი მსოფლიო ხედავს, რეალურად რა ხდება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ შეგვიძლია, ზემოქმედება მოვახდინოთ ტყუილის იმ ნიაღვარზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება საკუთარ ხალხს აღვრის. და თუ ისინი საბოლოო ჯამში გადაწყვეტენ, როგორც თავად უწოდებენ, „სრულმასშტაბიან შემოჭრას“, უსასტიკეს წინააღმდეგობას წააწყდებიან! საკუთარ სისხლში ჩაიხრჩობიან! ეს არ იქნება მარტივი გასეირნება! ჩვენ საკუთარი მიწის თითოეული გოჯისთვის ვიბრძოლებთ!
[...]მოწინააღმდეგე ცხადია, სულელი არაა, ის თავს არ დაგვესხმება მაშინ, როდესაც ველით, ამიტომ, ეს „საინფორმაციო ალი“ რეალური თარიღის და თავდასხმის რეალური გეგმის გადასაფარად სჭირდება, მაგრამ უკრაინელი მებრძოლები ამბობენ, „ჩხუბი გინდათ? მოდით! იყავით კაცები და ნუ ისვრით ქალებს და ბავშვების ამოფარებულები, როგორც ამას ყოველთვის აკეთებთ!“.
რის მიღწევას ცდილობს პუტინი?
უკრაინელი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ პუტინის სტრატეგიული მიზანი უპირველესად, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა: რათა გაამართლოს საკუთარი რეჟიმი აიღო ნეოიმპერიალისტური იდეოლოგია, რომელიც ითვალისწინებს კონფროტაციას დასავლეთთან, მეზობლებთან, აცხადებს რა პრეტენზიას პოსტ საბჭოთა სივრცის გავლენის სფეროდ აღიარებაზე და მასზე ცდილობს ქვეყნის შიგნით არსებული რეალური პრობლემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას:
„პუტინის ელიტა ძალაუფლების შენარჩუნების სხვა გზას ვერ ხედავს, სხვაგვარად საზოგადოებაში რეალური კითხვები წამოიწევს: ასე ცუდად რატომ ვცხოვრობთ? რატომ გვაქვს ასეთი დაბალი პენსია? რატომაა, რომ მოსახლეობის ნაწილს ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად კვლავ ქუჩაში გასვლა უწევს? მუდმივად რატომ ყალბდება არჩევნები?. ამ გზით კი კრემლი ქმნის „მტრის ხატს“, რომელზეც ყურადღება გადავა“.
ჩვენი თანამოსაუბრე დარწმუნებულია, რომ კრემლის იდეოლოგების მადა უკრაინით არ დაკმაყოფილდება:
„ღმერთმა ნუ ქნას და თუ ისე მოხდა, რომ ამ ბრძოლაში უკრაინა დაეცა, ისინი არ გაჩერდებიან: შემდეგ იქნება ბალტიის ქვეყნები, სამხრეთ კავკასია... სადღეისოდ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში რუსი სამხედროები არიან წარმოდგენილნი როგორც ოკუპანტები: საქართველოში – ოკუპირებულ რეგიონებში; სომხეთში – ხელისუფლების თანხმობით, თუმცა რეალურად როგორც ოკუპანტები; ანალოგიური ვითარებაა აზერბაიჯანის შემთხვევაშიც – ყარაბაღში, სადაც ვითომ „სამშვიდობოების“ სტატუსით იმყოფებიან. მათ თავიანთი არაადეკვატური სპიკერების საშუალებით უკვე არაერთხელ გააჟღერეს, რომ სამხრეთ კავკასია მათთვის სასიცოცხლო ინტერესის ზონაა. ამიტომ, არ შეგვეშვებიან და ერთად უნდა ვუპასუხოთ.
დღევანდელ რუსეთს მოლაპარაკებების უნარი არ აქვს, კონსესუსისადმი მზაობას, ნებისმიერ ნიშანს კონსტრუქციული დიალოგისა კრემლში სისუსტედ აღიქვამენ და ეს კიდევ უფრო აღვივებს მათ იმპერიალისტურ მადას. რუსეთი მხოლოდ იქ გაჩერდება, სადაც გააჩერებენ! ამიტომ პირადად ჩემი მიზანი საზოგადოებრივ–პოლიტიკურ–სამხედრო ანტი იმპერიული ფრონტის შექმნაა ბალტიიდან კასპიის ზღვამდე არეალში.
საკითხი დღეს ასე არ დგას, მზად ვართ თუ არა ჩვენ ამისთვის. ებრაელმა პოლიტიკოსმა თქვა: „მათ სურდათ, დავხოცილიყავით, ჩვენ კი სიცოცხლე გვსურდა. ამიტომ, ჩვენ მცირე არეალი გვქონდა კომპრომისისთვის“. რუსეთი კომპრომისისთვის შანსებს არ ტოვებს, ამიტომ არჩევანი არ გვაქვს. ეს გადარჩენის საკითხია, ბრძოლა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, მომავლისთვის!“
აქვე კოჩევენკო რუსეთის რიგითი მოქალაქეების მისამართით საკუთარ დამოკიდებულებასაც გვიზიარებს, ამბობს, რომ მათ მიმართ აგრესია არ აქვს, რომ პატივს სცემს იმ პირთა სითამამეს, რომელთაც რეპრესიების რისკის მიუხედავად, დაგმეს რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. რაც შეეხება რუსული პოლიტიკური ელიტის მიერ ხშირად გამოყენებად ფორმულირებას „მოძმე უკრაინელი ერის“ თაობაზე, მას რუსული პროპაგანდისტული ნარატივის ელემენტად განიხილავს, რათა კრემლმა თავისი „იმპერიალისტური ზრახვები გაამართლოს“:
„შესაძლოა, უფროსი თაობიდან რაღაც მცირე ჯგუფს ჯერ კიდევ აქვს მსგავსი დამოკიდებულება, მაგრამ მერწმუნეთ, უკრაინელები ასე არ ფიქრობენ. პირადად ჩემთვის ქართველები მეტად არიან ჩვენი მოძმეები, რომლებთანაც თავისუფლების სურვილს ვიზიარებთ. ნამდვილი ძმობა ესაა – ერთმანეთისთვის და ერთად!“.
საკმარისია მხარდაჭერა?
„წინა ხაზზე ყოფნისას, ჩვენ წინ ვიყურებით, ვუყურებთ მტერს და დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ზურგს ჩვენი ქვეყანა და თავისუფალი სამყარო გვიმაგრებს“,– გვეუბნება უკრაინელი მებრძოლი და იქვე დასძენს, რომ „უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინამ ნამდვილად მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა, საერთაშორისო დახმარება, მათ შორის სამხედრო–ტექნიკური კუთხით. მსგავსი დახმარება 2014 წელს რომ მიგვეღო, ვფიქრობ, დღეს ეს ვითარება შესაძლოა, არც განმეორებულიყო. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“.
მისი თქმით, ბევრი უცხოელი გამოთქვამს მზაობას, პირადად დაეხმაროს უკრაინას:
„მხარდაჭერას ვგრძნობთ არა მხოლოდ ხელისუფლებებისგან, არამედ რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც. პირადად ვიღებ ბევრ შეტყობინებას საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან, ლიეტუვადან, ნორვეგიიდან, აშშ–დან, პოლონეთიდან მზაობის შესახებ, რომ იბრძოლონ უკრაინის თავისუფლებისთვის სრულმასშტაბიანი აგრესიის შემთხვევაში. დარწმუნებული ვარ, თუ რუსი სამხედროები დაიწყებენ მოქმედებას, ათასობით მოხალისე ჩამოვა სხვადასხვა ქვეყნიდან და მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე 2014 წელს იყო, როდესაც მოხალისეები საქართველოდან, ჩეჩნეთიდან, ლიტვიდან გვეხმარებოდნენ“.
„ჩვენ ერთად ძლიერები ვართ!“
„მინდა, მადლიერება გამოვხატო ქართველი ხალხის მისამართით, გამოხატული მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამას ვგრძნობთ როგორც პირად ურთიერთობებში, ისე ვხედავთ მედიაში და მერწმუნეთ, ეს ჩვენთვის ძალიან ფასეულია. ჩვენ ქართველებს ყოველთვის მეგობრულ, მოძმე ხალხად აღვიქვამდით და გვჯერა, ერთად, ერთობლივი ძალისხმევით გავათავისუფლებთ ჩვენს მიწებს, გავიმარჯვებთ ამ ამაზრზენ მტერზე, ვიქნებით ნატო–შიც, ევროკავშირშიც და მშვიდობიანად განვავითარებთ ჩვენს ქვეყნებს. ჩვენ ერთად ძლიერები ვართ!“.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021