Accentnews.ge
„ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შემდგომმა თაობებმაც თქვან, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული?"

„ვაკეთებთ ყველაფერს, რათა შემდგომმა თაობებმაც თქვან, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული?"

23/02/2022 09:39:55 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რუსულ გამოწვევაზე, მათ შორის უკრაინის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაზე და ამ კონტექსტში ეროვნული თანხმობის მიღწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს დღე რეალურად არა გლოვის, არამედ გამარჯვების დღეა, "რამეთუ დღეს ჩვენ ვართ როგორც დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი ვერ უყო და ვერაფერს ვერ უზამს“:

„სიზმრად ვნახე საქართველო, სისხლის ზღვაში ბანაობდა, დაფლეთილი ჩვენი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა“ – ამ ლექსით თუ სიმღერით გავიზარდე როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი და იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა, ასე ჩანდა. ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად. ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა, ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა, ასე შეიძლება, ჩანდეს დღეს ჩვენი მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება. ასე ჩანს და ასე არ არის. რეალურად დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი, ჩვენი კოჯრის მთაზე, რომ ქანაობდა, დროშაა აღმართული ჩვენ დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდში. ასე ჩანდა და ასე არ არის. იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ დაგვიტოვეს ეს მაგალითი, რომლითაც ჩვენ უნდა ვზრდიდეთ დღეს ჩვენ ახალგაზრდებს, უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყნის სიძლიერეს და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს არ ნიშნავს, თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს".

პრეზიდენტის ხედვით, 25 თებერვალი ამავე დროს არის დაფიქრების დღეც, ყველაფერს ვაკეთებთ თუ არა იმისთვის, რომ "ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“:

„დაფიქრების იმის შესახებ, ვაკეთებთ თუ არა ჩვენ ყველაფერს, რაც საჭიროა, რომ ერთ საუკუნეში, ორ საუკუნეში შემდგომმა თაობებმაც თქვან, რომ ჩვენ ვართ გამარჯვებული. ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას გადავცეთ ის სულისკვეთება, რომელიც ამოძრავებდათ მარო მაყაშვილს, გივი ღამბაშიძეს, მთელ მაყაშვილების ოჯახს და სხვებს, ვინც იქ იბრძოდნენ. თუ ვასწავლით სკოლებში იმას, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. ნუთუ, ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა, მომავლის ის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება. ნუთუ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ ჯარშიც იყოს სულისკვეთება. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს. ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო დავაყენოთ ყველაფერზე ზემოთ – პარტიების ზემოთ, პირადი ინტერესების ზემოთ, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. ყოველდღიურად ჩვენ ამას უნდა ვაღწევდეთ, რომ ვიყოთ ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S