"ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით"
23/02/2022 14:26:06 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ "ახლა, როგორც არასდროს, შეერთებული შტატები დადგება ქართველი ხალხის გვერდით". ამის შესახებ დიპლომატი ვიდეო–მიმართვაში საუბრობს, რომელიც მან ვაშინგტონიდან გაავრცელა.
"მალე დავასრულებ წინასწარ დაგეგმილი შეხვედრებს ვაშინგტონში და მოუთმენლად ველოდები კვირის ბოლოს თბილისში დაბრუნებას. აშშ–ში ყოფნისას შევხვდი კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ეროვნული უშიშროების საბჭოსა და კონგრესში. გვქონდა შესანიშნავი შეხვედრა ამერიკა საქართველოს ბიზნეს–საბჭოსთან, ასევე სხვა უწყებებთან, საქართველოსთან ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განსახილველად", – განაცხადა დეგნანმა.
ელჩის თქმით, ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დროს, მათ შორის უკრაინის ირგვლივ განვითარებული მოვლენები განიხილეს.
როგორც დეგნანი აღნიშნავს, აშშ მუშაობს შექმნილი ვითარების მშვიდობიანი გზით მოგვარებზე, თუმცა ამავდროულად, აცნობიერებს უარესისთვის მომზადების აუცილებლობას:
"მსურს, გაგიზიაროთ ვაშინგტონში მიღებული ინფორმაცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით გამოწვეული უსაფრთხოების მიმდინარე კრიზისის თაობაზე. პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი ბლინკენი, თავდაცვის დეპარტამენტის მდივანი და ყველა მათი თანამშრომელი, მუშაობს ვიტარების მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე. ეს რჩება შეერთებული შტატების მთავარ პრიორიტეტად. თუმცა ამავდროულად, ჩვენ ვაცნობიერებთ უარესისთვის მომზადების აუცილებლობას. სწორედ ამიტომ, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შეთანხმებით დავიწყეთ უწყვეტი დიპლომატია ევროკავშირში სტაბილურობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად. ეს მოიცავს, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას, სხვადასხვა არხების მეშვეობით ინფორმაციის გაზიარებას, რასაც გავაგრძელებ თბილისში დაბრუნების შემდეგ და რასაც ვაკეთებდი ვაშინგტონში გამგზავრებამდე".
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.
"ამ კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებზე შეერთებულმა შტატებმა მტკიცედ და მკაფიოდ წარმოაჩინა ამ გზაზე საქართველოს დახმარების მიმართ ერთგულება. ჩვენ 30 წელია, ამაზე ვმუშაობთ. ახლა, როგორც არასდროს შეერთებული შტატები დადგება საქართველოს ხალხის გვერდით, მხარს დაუჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთად იმუშავებს იმ მომავლისთვის, რაც ქართველებს სურთ და რასაც იმსახურებენ. ესაა სტაბილური, უსაფრთხო აყვავებული საქართველო, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ერთა ოჯახში“, – განაცხადა დეგნანმა.


