"მქონდა შესაძლებლობა, რომ ზელენსკისა და შმიგალისთვის გამეზიარებინა ჩვენი გამოცდილება, მათ შორის ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს"
23/02/2022 19:28:58 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ უკრაინა დგას დიდი საფრთხის წინაშე. მან აღნიშნა, რომ შესაძლებლობა ჰქონდა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობისთვის გაეზიარებინა საქართველოს წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები.
„მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ მართლაც განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ მე ვიყავი უკრაინაში ვიზიტით, აგვისტოს თვეში მქონდა ძალიან კარგი შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერი შმიგალი იყო ჩამოსული ივნისის თვეში ჩემი მოწვევით, გასულ წელს. ასევე პრეზიდენტი ზელენსკი იყო ჩამოსული ბათუმში და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობები განვავითარეთ. აბსოლუტურად მესმის მათი მდგომარეობა. მე მქონდა ასევე შესაძლებლობა, რომ გამეზიარებინა მათთვის ჩვენი გამოცდილება, მათ შორის, ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს, ომამდე და ომის შემდეგ. ეს საუბრები მქონდა მიუნხენის კონფერენციამდე“, - განაცხადა პრემიერმა.


