Accentnews.ge
ოპოზიციის რეაქცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე: "თუ პუტინი არ შევაჩერეთ, შემდეგი მსხვერპლი, ისინიც იქნებიან, ვისაც დღეს ჰგონია, რომ დაცულია ნატო–ს ქოლგის ქვეშ"

ოპოზიციის რეაქცია უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე: "თუ პუტინი არ შევაჩერეთ, შემდეგი მსხვერპლი, ისინიც იქნებიან, ვისაც დღეს ჰგონია, რომ დაცულია ნატო–ს ქოლგის ქვეშ"

24/02/2022 10:55:30 პოლიტიკა

ქართული ოპოზიციის ნაწილი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ფატს ეხმიანება და აცხადებს, რომ თუ მსოფლიომ მოსკოვი არ გააჩერა, კრემლი უკრაინაზე არ გაჩერდება და საფრთხე სხვა დემოკრატიურლ ქვეყნებსაც ემუქრება.

"ლელო საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "მსოფლიომ სამწუხაროდ, ვერ შეძლო 21-ე საუკუნის ბოროტების პუტინის რეჟიმის შეჩერება 2008 წელს ჩვენს ქვეყანაში, რასაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის დანაწევრება და 2014 წელს – უკრაინაში, რასაც მოჰყვა ყირიმის ანექსია".

"ჩვენ 2008 წელს ვაფრთხილებდით მსოფლიოს, რომ შემდეგი მსხვერპლი უკრაინა იქნებოდა და მე დღეს მსურს კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ რუსეთი არ გაჩერდება უკრაინაში. თუ ჩვენ ის არ შევაჩერეთ, შემდეგი მსხვერპლი გახდებიან სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები, მათ შორის, ისინი, ვისაც დღეს შეიძლება ჰგონია, რომ დაცულია ნატო–ს და ევროკავშირის ქოლგის ქვეშ", – აცხადებს სამადაშვილი.

მან ქართულ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს მოუწოდა, რომ პოლიტიკური განსხვავებები გვერდზე გადადონ და დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიული მსოფლიოს ინტერესების დასაცავად, ძალისხმევა გააერთიანონ:

"მივმართავ, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებასაც, გვერდზე გადავდოთ პოლიტიკური განსხვავებები, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა დიპლომატიურ ფრონტზე ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიული მსოფლიოს ინტერესების დასაცავად. დღეს ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ვისაუბროთ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ განსხვავებებზე, თუ ამ ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც მიაჩნია რომ ქართველი ხალხის ინტერესი არის უზენაესი ღირებულება მათთვის და თუ მათ სჯერათ რომ ჩვენი ადგილი არის, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოსი დემოკრატიულ სამყაროში".

"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ "ახლა დუმილი დეოკუპაციაზე ხელის აღების ტოლფასია":

„ჩვენი არა მხოლოდ მორალური ვალდებულება, არამედ პრაგმატული ინტერესია, რომ უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე საქართველო უნდა გამოდიოდეს ერთობლივი ფრონტით უკრაინასთან ერთად, მხოლოდ ეს ჩაითვლება რამის კეთებად და ამ მოქმედების მიზანი უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის საკითხის ინტეგრირება იმ სანქციებში, რომლებიც სულ მალე დაეკისრება რუსეთის ფედერაციას, ახლა დუმილი არის დეოკუპაციაზე ხელის აღების ტოლფასი“.

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე "მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად":

„უკრაინის გამარჯვება - საქართველოს გამარჯვებაა! დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ეროვნული ერთიანობა, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად ერთად დგომის დროა. რაც დღეს უკრაინაში ხდება, ის უკვე მოხდა საქართველოში 2008 წელს. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს რუსეთის სამხედრო აგრესია. დღეს ქართველმა ხალხმა უნდა აჩვენოს სრული სიმტკიცე, ერთიანობა და უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს მოიწვიოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერები, სადაც მოხდება ერთიანობის დემონსტრირება არა მარტო უკრაინის მხარდასაჭერად, არამედ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად. დარწმუნებული ვარ ეს იქნება ეროვნული კონსოლიდაციის რეალური და თვალსაჩინო დასაწყისი“.

ენმ–ის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ "პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი":

„უკრაინის გმირი ხალხი ვერაგ და სასტიკ შეტევას იგერიებს! ჩვენი გულები და ფიქრი დღეს მათთანაა! ყველას გვესმის, რომ ეს ბოროტებასა და თავისუფლებას შორის ომია, რომელიც მთელ ჩვენ კონტინენტს და მთელ მსოფლიოს ეხება! დღეს ყველა ვართ უკრაინელები და მათი ლურჯ- ყვითელი დროშა ჩვენი დროშაცაა! ბევრი ქართველი მებრძოლი დღეს წინა ხაზზეა! დიდება მათ და უკრაინელ მებრძოლებს! პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი! თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს!“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S