"ომის ფონზე, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში ვერ აიცილა, მნიშვნელოვანია, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი და მშვიდი"
25/02/2022 07:22:01 პოლიტიკა
"ომის ფონზე, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინაში ვერ აიცილა, მნიშვნელოვანია, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი და მშვიდი", ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ჩვენგანის ვალია, ქვეყანა გავამთლიანოთ და ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა და წარმატებით ვერ დასრულდა, ბოლომდე მივიყვანოთ.
"დღეს არის საბჭოთა ოკუპაციის დღე. ამ დღეებში 101 წლის წინ მიდიოდა ბრძოლები თბილისის შემოგარენში, როდესაც საბჭოთა რუსული არმია იპყრობდა საქართველოს. მაშინ იცით, რომ „წითელმა არმიამ“ შეძლო საქართველოს დაპყრობა და საქართველო რამდენიმე ათეული წელი იყო საბჭოთა ოკუპაციის ქვეშ. ეს ბრძოლა სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ დასრულებულა, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და იქამდე, ვიდრე ტერიტორიები ოკუპირებულია, ეს ბრძოლა გრძელდება. ყველა ჩვენგანის ვალია, ქვეყანა გავამთლიანოთ და ბრძოლა, რომელიც 101 წლის წინ მიმდინარეობდა და წარმატებით ვერ დასრულდა, მივიყვანოთ ბოლომდე, განსაკუთრებით დღევანდელ მდგომარეობაში არის მნიშვნელოვანი, რომ ამ გამოწვევების ფონზე, რაც რეგიონშია, ომის ფონზე, რომელიც ვერ აიცილა მსოფლიოს თანამეგობრობამ უკრაინაში, საქართველო და ქართული საზოგადოება იყოს ერთიანი, მშვიდი, რათა ერთის მხრივ, ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს მივეხმაროთ იმისთვის, რომ შეწყდეს ომი უკრაინაში და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ, რეგიონში მოხდეს ისეთი ცვლილებები, რამაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს ზოგადად რეგიონზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


