"ნიდერლანდების პრემიერთან პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაზე ვისაუბრე"
27/02/2022 17:36:17 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.
„მქონდა ძალიან არსებითი საუბარი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრ, მარკ რუტესთან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერასა და უკრაინისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივებზე“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


