შიშზე უფრო საშიში
28/02/2022 06:55:19 პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლების ქცევა შიშზე უფრო საშიში ფაქტორია. არსებობს შეხედულება, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სახით წარმოდგენილ ხელისუფლებას შიში ამოძრავებს, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლების ქცევა არც ისე სწორად დაგეგმილ წინდახედულობადაც ფასდებოდა, თუმცა ეს ფრაზა - "შიშზე უფრო საშიში" რამდენიმე დღეა ჩემთვის ფიქრის საგანია.
ყველა სხვა ემოციას რომ თავი დავანებოთ, უკრაინაში მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ რუსეთში დასრულდეს ტირანიისა და დიქტატის მმართველობა. დემოკრატიული პროცესები განვითარდეს და მეტად გაიზარდოს ცივილიზებულ მსოფლიოში.
კარგად დავაკვირდეთ, პუტინი კარგად ახერხებს თანამშრომლობას ავტორიტარ სახელმწიფოებთან, ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლების თანამშრომლობა-დაქვემდებარება რუსეთთან არა იმდენად ამ ქვეყნების არჩევანია, არამედ ხელისუფლებების, რომლებიც დაუსრულებლად არიან ხელისუფლებაში.
ავტორიტარიზმი და დიქტატი მთავარი ხიბლია ზოგიერთი ძალაუფლებითი ელიტისათვის, რის გამოც პუტინთან თანამშრომლობა, მასთან დაქვემდებარება სასურველი უხდება ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლებისათვის.
დააკვირდით ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვასალურ დამოკიდებულებაშია, სახელმწიფოები რუსეთისგან შევიწროებულია,მაგრამ ხელისუფლებებს ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს რუსეთი (მცირე ფორმალური ცვლილება იყო ცოტა ხნის წინ ყაზახეთში, თუმცა, იქაც ჯამში, არსებითად არაფერი შეცვლილა).
მარტივად ჩანს, რომ რუსეთი ასეთ ხელისუფლებებს ხელშეუხებლობის გარანტიებს აძლევს თუ ისინი რუსული პოლიტიკის ნაწილი გახდებიან.
დემოკრატიული ქვეყნები ცვლიან ხელისუფლებებს, ეს მარტივი ნორმაა. დააკვირდით ხელისუფლებებს, რომლებიც რუსეთთან თანამშრომლობენ - იქ სხვაგვარი სიტუაციაა.
"ქართული ოცნება" დღემდე ჩვენ და მსოფლიოსაც გვთავაზობდა დიქტატის ერთგვარად შეფუთულ ვარიანტს, რაღაცნაირად 21-ე საუკუნეზე მორგებული მარკეტინგით, ასევე ხშირად, ოპოზიციის შეცდომები აძლევდა ხელს და სარგებელს ხელისუფლებას და ის დღემდე რჩება ძალაუფლების ნაწილად.
სათანადო დემოკრატიის პირობებში, "ქართული ოცნება" ასევე შეიცვლებოდა, მაგრამ მმართველ პირებს თუ მათ უკან მდგომ ზურგს, გეგმაში არ აქვს ძალაუფლების არც გადანაწილება (რაც ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ვნახეთ), მით უფრო ძალაუფლების შეცვლა.
ბიძინა ივანიშვილის და მისი მმართველი ელიტის ამოცანაა დიდ ხანს დარჩენა ძალაუფლებაში არა ხალხის არჩევანით, არამედ ამ არჩევანის მოდიფიცირებითა და ინსცენირებით, შესაბამისად, ისინი არ შედიან იმ პოლიტიკური ჯგუფების კატეგორიაში, რომლებსაც აწყობთ დემოკრატიული შინაარსი ჩვენი ქვეყნის.
ვინ შეიძლება იყოს ასეთი ხელისუფლების მდგრადობის წყარო თანამედროვე მსოფლიოში? - ცხადია, რუსეთი.
ამიტომაც მიჩნდება და თითქმის უკვე განმიმტკიცდა ის აზრი, რომ "ქართული ოცნების" ქცევა არა შიშზე ან წინდახედულობითაა განპირობებული, არამედ ძალაუფლების შენარჩუნების მოტივაციით.
ამიტომ მგონია "ქართული ოცნების" ქცევა შიშზე უფრო საშიში.
ჩვენი ამოცანა კი ის არის, შიშზე უფრო საშიში ქცევებით მოტივირებული ხელისუფლება ან დავაბრუნოთ რამდენადმე დემოკრატიის მინიმალურ დონეზე მაინც ან შევცვალოთ დემოკრატიულით თუ არა, უფრო დემოკრატიულით მაინც. იქნებ, ამასობაში ვისწავლოთ კიდეც ძალაუფლებებზე ზემოქმედება, მათი მანკიერებებისა და მავნებლობების შემცირება, რაც ამდენი წლის განმავლობაში საკმარისად არ გამოგვდიოდა არც ერთი ხელისუფლების მმართველობისას.
არჩილ გამზარდია
პოლიტოლოგი, ტელეწამყვანი


