"საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ, მკაფიო პოზიციას იკავებს გაეროში, ევროპის საბჭოში, რაც ძალიან დასაფასებელია"
28/02/2022 09:08:15 პოლიტიკა
კელი დეგნანის თქმით, საქართველომ მკაფიო პოზიცია გამოხატა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ფაქტზე. როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობაა.
„ცხადია, ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ კრიზისით, რომელიც რუსეთმა შექმნა. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა. ასობით დაჭრილია. ეს არის ომი, რომელიც შექმნა და დაიწყო რუსეთმა. უკრაინელების გმირული პასუხი ყველა ჩვენგანს აღგვაფრთოვანებს. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააქტიურდა. საქართველომ მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევის შესახებ. ვგულისხმობ, რომ ის მკაფიო პოზიციას იკავებს მრავალმხრივ ორგანიზაციებში, გაეროში, ევროპის საბჭოში და ეს ძალიან დასაფასებელია. ასევე ქართველი ხალხის, ბიზნესისა და მთავრობის გულმხურვალე პასუხი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევისთვის უკრაინელი ხალხისთვის. ყველა ჩვენგანს მეტის გაკეთება მოგვიწევს მომდევნო დღეებში. ვხედავთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სანქციები დააწესა. აშშ-მა მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია უკრაინას გასული წლის განმავლობაში, მათ შორის 350 მილიონი, რომელიც ახლახან გაიცა სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ რამდენიმე დღის წინ.
ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევია და ასეც დარჩება. ვიცი, რომ ჩვენ ერთიანი ვრჩებით. ამ დროს ერთიანობა, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია, რომლის გაგზავნაც რუსეთისთვის შეგვიძლია, რომ საერთაშორისო საზოგადოება რჩება ერთიანი ამ თავდასხმის წინაშე, ევროპული უსაფრთხოებისა და იმ პრინციპების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას გვინარჩუნებდა გასული 30 წლის განმავლობაში“, - განაცხადა ელჩმა.


