Accentnews.ge
"თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე, 40 კმ-ში დგანან, რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ"

"თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? აქვე, 40 კმ-ში დგანან, რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ"

28/02/2022 11:49:02 პოლიტიკა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამბობს, რომ მოსალოდნელი საფრთხეები ხელისუფლებას აღელვებს და ამის შესახებ ესაუბრა უკრაინელ და ევროპელ პარტნიორებს. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ მოსახლეობამ უნდა გააცნობიეროს არსებული უმძიმესი მდგომარეობა.

"როდესაც საუბარია ქვეყნის მხრიდან ინდივიდუალურ სანქციებზე, პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგად განმარტა, თუ რა საფრთხეებს ვხედავთ. ამაზე ვესაუბრებით ჩვენს უკრაინელ და ევროპელ მეგობრებს... რა გგონიათ თქვენ, თქვენზე ნაკლები პატრიოტები ვართ? არავისზე ნაკლები პატრიოტები არ ვართ და ჩვენი საქმიანობით და ჩვენი ცხოვრებით გვაქვს დამტკიცებული საქართველოს ერთგულება იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც რუსული აგრესია ჰქვია საქართველოში. როგორ გგონიათ, პასუხისმგებლიანი მთავრობა, ხელისუფლება, ასეთი სიფრთხილით არ უნდა ეკიდებოდეს პროცესს? როდესაც 40 კილომეტრში, აი, აქვე დგანან. მათ არ სჭირდებათ დამატებითი მობილიზაცია - ის, რაც განახორციელეს უკრაინასთან - თვეობით კონტინგენტის მიყვანა. აქვე არიან, ავტობანიდან ჩანს მათი ოკუპაციის შედეგი. რამდენიმე წუთი დასჭირდებათ იმისთვის, რომ მთლიანად საქართველო თავდაყირა დააყენონ. როგორ გგონიათ, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, რას აპირებენ? ან როგორ აპირებენ?

ის, რომ გუშინდელი სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოდის ბორელი და ამბობს, რომ შემდეგი შესაძლოა, საქართველო იყოს, ეს ხომ არ არის ჰაერზე ნათქვამი სიტყვები, ეს ხომ ეფუძნება იმ გარკვეულ საფრთხეებს და მოლოდინებს, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ. ეს არის რომ გვალაპარაკებს, პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე. არ მინდა, იგივე ვიხილო საქართველოში, რაც 2008 წელს იყო. არ მინდა, ვიხილო რუსული ტანკები მომავალი თბილისის მიმართულებით, არ მინდა, ვიხილო დედაქალაქისა და აეროპორტების დაბომბვა, არ მინდა, ვიხილო ის უმძიმესი მდგომარეობა, როდესაც ქართველებს ბოდიში და სატვირთო თვითმფრინავებით აძევებდნენ რუსეთის ფედერაციიდან, არ მინდა. მე მგონია, არც თქვენ არ გინდათ", – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მეხუთე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ძალებით შევიდა და სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს. რუსეთის წინააღმდეგ შესაჩერებლად რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დააწესეს. როგორც საქაღთველოს პრემიერ– მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უკრაინის გამო დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება:

"არაფერს გავაკეთებ, არც ერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებ ისეთს, რომელიც რაიმე ფორმით დააზიანებს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისად, გავეცანით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ქმედებებს, რომელიც მოჰყვა უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებას, ვგულისხმობ ეკნომიკურ და ფინანსურ სანქციებს და მინდა, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო, ჩვენი ეროვნული, ხალხის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში, ვინაიდან, აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს, გაცილებით უფრო მეტად ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას. მე, როგორც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე პასუხისმგებელი, ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით ვიხელმძღვანელებ“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S