ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინიკოვი გახდა
01/03/2022 09:49:24 პოლიტიკა
საქართველოში ნატო–ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ჰოლანდიელი დიპლომატი ალექსანდრე ვინიკოვი გახდა
ბოლო 6 წლის განმავლობაში, 2021 წლის აგვისტომდე, ალექსანდრე მსახურობდა უკრაინაში ნატოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელად. მისი წინა სამუშაო გამოცდილება ასევე მოიცავს ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობას ცენტრალურ აზიაში და ნატოს შტაბ-ბინაში როგორც პოლიტიკურ საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის, ასევე თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამმართველოში მუშაობას. ის ადრე ასევე მუშაობდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო), რამდენიმე თანამდებობაზე. ხოლო თავისი კარიერა საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარად დაიწყო ოქსფორდის უნივერსიტეტში, ჰარვარდ კენედის სკოლაში და ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრში.
„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული პარტნიორია და ჩემთვის დიდი პატივია ვიმსახურო თბილისში, ამ მნიშვნელოვან დროს. მოუთმენლად ველი ქართველ და საერთაშორისო კოლეგებთან ერთად მუშაობის დაწყებას, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ საქართველოს ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განვითარებას და ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. ასევე მოუთმენლად ველი ქვეყნისა და მისი მდიდარი კულტურის შესწავლას“, - აღნიშნა ალექსანდრემ ჩამოსვლისას.
საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელობის გარდა, ალექსანდრე ვინიკოვის მანდატი ასევე მოიცავს სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებთანაც ის შეეცდება გააძლიეროს რეგულარული პოლიტიკური დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა ნატოს პარტნიორობის პროგრამების ფარგლებში.


