Accentnews.ge
ვიდეოთამაშმა "დიდგორი" თურქეთში უკმაყოფილება გამოიწვია

ვიდეოთამაშმა "დიდგორი" თურქეთში უკმაყოფილება გამოიწვია

01/03/2022 09:48:42 პოლიტიკა

ვიდეოთამაშმა "დიდგორი" თურქეთში უკმაყოფილება გამოიწვია.

უკმაყოფილება თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილემ სერდარ ჩამმა "აქცენტთან" ქვეყანაში ანტითურქული პროპაგანდის თემაზე საუბრისას გამოხატა.

კერძოდ, „აქცენტი“ დაინტერესდა, არის თუ არა თურქული მხარის პრიორიტეტებს შორის საქართველოში პერიოდულად გააქტიურებული ანტითურქული პროპაგანდა, რომლის გამავრცელებლადაც უმეტეს შემთხვევაში, რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი ჯგუფები გვევლინებიან და განიხილავენ თუ არა რიგ მექანიზმებს მის წინააღმდეგ.

"სოციალურ მედიაში მიმდინარე შავი პროპაგანდის აღკვეთის წინ აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე კარგი იარაღი განათლებაა, ასევე საზოგადოების სწორი ინფორმირება. ჩვენ ვართ თქვენი თურქი მეგობრები და ჩვენი სურვილია, პატარა საქართველო არ გახდეს დიდი ქვეყნების დაპირისპირების და ინტერესების იარაღი და მოედანი; საქართველო საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ არ დაზიანდეს, არ დაზიანდეს ჩვენი ურთიერთობები. და თქვენ [ჟურნალისტები] თქვენდა უნებურად არ გახდეთ ამ ყველაფრის იარაღი. შეიძლება, ვისაუბროთ, რუსეთიდან თუ სხვა მხრიდან მომდინარე ინტერესებზე, ყველა მხრიდან შეიძლება, იყოს, მთავარია, თქვენ [ჟურნალისტებმა] შეასრულოთ პოზიტიური როლი და არ გამოიწვიოთ ორ ქვეყანას შორის რაიმენაირად ურთიერთობის დაზარალება. ჩვენ, თურქეთი ხშირად ვდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ როგორც დასავლეთიდან ასევე აღმოსავლეთიდან ხშირად გვხვდება ბინძური პროპაგანდა, განსაკუთრებით თურქეთის ხელისუფლების, უწყებების, პრეზიდენტის სახელთან დაკავშირებულ პროექტებთან მიმართებაში. საკმაოდ სერიოზული და ძლიერი პროპაგანდაა ხოლმე ჩართული. ჩვენი სურვილია, რომ სწორედ ამ მეინსტრიმში, ამ გადაუმოწმებელ, შავ პროპაგანდაში თქვენ და საქართველო და ქართველი ჟურნალისტები არ მოხვდეთ. მაგალითისთვის შემიძლია, გითხრათ ის, რომ 2016 წელს მოგეხსენებათ, თურქეთში იყო გადატრიალების მცდელობა და ამ გადატრიალების ორგანიზატორები დღეს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, დასავლეთში არიან და მოღვაწეობენ თავისუფლად. ასევე საქართველოსთან დაკავშირებით ერთ ფაქტს მინდა, შევეხო: ბოლო პერიოდში გადაღებულ იქნა თამაში დიდგორის ბრძოლასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულწილად მხარდაჭერილია კულტურის სამინისტროს მიერ, სადაც ნაჩვენებია როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ თურქები ქართველებს. მსგავსი ფაქტების წინააღმდეგ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, იმისათვის, რომ ისტორია ჩვენმა ახალგაზრდებმა და ბავშვებმა ნახონ და ისწავლონ სწორად და ისტორია ჩვენი ქვეყნების ურთიერთობის საზიანოდ არ იქნეს გამოყენებული“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ის იქვე თხოვნით მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ შეცდომა გამოსწორდეს: „რა თქმა უნდა, თუ ხდება შეცდომები რომელიმე მხარეს, ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ პარტნიორები და ჩვენ მხოლოდ ვთხოვთ ჩვენს მეგობარ მხარეს, რომ ეს შეცდომები იქნეს გათვალისწინებული და გამოსწორებული. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ შეცდომაში მონაწილეობს ოფიციალური უწყება, მაგალითად კულტურის სამინისტრო, ჩვენ ეს არ გვწყინს, ჩვენ ამაზე არ უნდა გამოვიდეთ მწყობრიდან, ამან, რა თქმა უნდა, არ უნდა იმოქმედოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, ჩვენ ესეთ რაღაცაზე არ ვბრაზობთ, უბრალოდ, ჩვენ, როგორც მეგობრები ვთხოვთ, ჩვენს მეგობრებს, რომ რაღაცა შეცდომა მოხდა და თუ შეიძლება, რომ ეს გამოსწორდეს" – განაცხადა მინისტრის მოადგილემ "აქცენტთან" საუბრისას.

მისი თქმით, თურქეთის პრინციპია მრავალფეროვნება. მან კონკრეტიკისგან თავი შეიკავა, თუმცა სავარაუდოდ, მიანიშნა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ირგვლივ შექმნილ პრობლემაზე, რომელიც წლებია, გრძელდება: „თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია, რელიგიური და ენობრივი მრავალფეროვნება. ეს ისტორიულად თურქეთში იყო ასე, ამ პრინციპებს ეყრდნობა მთლიანად თურქეთის ისტორია. ბალკანეთიდან შუა აღმოსავლეთამდე კი არა სამხრეთ ამერიკაშიც კი ჩვენ გარკვეული კავშირები გვაქვს, რომელიც წარმოდგენილია, სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური ჯგუფებით. რელიგიური, ენობრივი თუ ეთნიკური განსხვავებულობა ჩვენი გადმოსახედით არის ძალიან დიდი სიმდიდრე. ჩვენ პირიქით ყველანაირად შევუწყობთ ხელს საქართველოში ნებისმიერი სახის ცენტრების დაარსებას, ქრისტიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას, მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში რელიგიის მნიშვნელობა თანდათან იკლებს და იზრდება აღვირახსნილობა. საქართველოში თუ იქნება უფრო მეტი რელიგია და მეტად რელიგიური მოსახლეობა, ეს ჩვენს ინტერესშია და ჩვენი დიდი სურვილია. ჩვენ ძალიან ბევრი ეკლესია აღვადგინეთ სხვადასხვა ქვეყნებში, ლიბიაში, სირიაში, ბოსნია ჰერცოგოვინაში, თუ არის ეკლესიაში წასვლის მსურველი, აუცილებლად მათ უნდა ჰქონდეთ სალოცავი და უნდა ჰქონდეთ ეკლესია, ჩვენ არანაირად წინააღმდეგები არ ვართ რელიგიური მრავალფეროვნების და ასევე ჩვენ არ ვუყურებთ განსხვავებულ ენას და რელიგიას ზემოდან, არ ვამცირებთ, არანაირი დისკრიმინაციული დამოკიდებულება არ გვაქვს. ეს არის ჩვენი ცხოვრებისეული პრინციპი, ჩვენი თეზისი“.

მისივე თქმით, "ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველო არის ძალიან პატარა ქვეყანა და ძალიან დიდია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნების (არ დავასახელოთ ქვეყნები) საკუთარი ინტერესების მიზნით სხვადასხვა მანიპულაციები: "ასეთი ცუდი მიზნით გამოყენებას არ უნდა მივცეთ საშუალება. ნათქვამი რომ არის კოზაკი გაიჭყლიტა აქლემების ჭიდილშიო ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ანუ საქართველო არ უნდა აღმოჩნდეს სხვადასხვა დაპირისპირებების, ინტერესის სფერო და ობიექტი ისე, რომ მერე გაიჭყლიტოს ამ დაპირისპირებაში" - განუცხადა "აქცენტს" მინისტრის მოადგილემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S