ირაკლი კობახიძე – ოპოზიციას: "თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ"
01/03/2022 10:35:07 პოლიტიკა
თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ, -ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით ოპოზიციის ინიციატივა კომიკურია.
„ჩვენ მოვისმინეთ რაღაც კომიკური ინიციატივა უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. მიშა ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა და გული შესტკივა თავის ქვეყანაზე, ხოლო თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ამის საპირისპიროს ამტკიცებთ. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტა, მხოლოდ თქვენ ხართ. თქვენ აკეთებთ სერგო ორჯონიკიძის საქმეს. ამას გავიმეორებთ ყველგან, სადაც საჭიროა. თქვენი თითოეული ნაბიჯი არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, თითოეული თქვენი ნაბიჯი არის პროვოკაცია ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის: დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით შემდეგი განაცხადა:
„ჩვენს და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შ... მე“.
ყაველაშვილის ამ გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მას „სამარცხვინო“ უწოდა. ოპოზიციამ ყაველაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვა.


