სააკაშვილი – არახამიაზე: "ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში"
01/03/2022 15:01:38 პოლიტიკა
ვამაყობ, რომ უკრაინაში დავით არახამიას პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, „ახალ ძალთა მოძრაობაში“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დავით არახამია გაგრიდან დევნილია. მამამისი ბატალიონ "გაგრას" მეთაური იყო. ვამაყობ, რომ უკრაინაში მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო ჩემს პარტიაში, "ახალ ძალთა მოძრაობაში". ჩემი ჰოლანდიაში გაგდების შემდეგ, ის ზელენსკისთან გადავიდა და ახალ პარლამენტში თავიდანვე გახდა უმრავლესობის ლიდერი. ვამაყობ, რომ მეც მივიღე მონაწილეობა მის დაფრთიანებაში", წერს სააკაშვილის სოციალურ ქსელში.
გუშინ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე უკრაინულ და რუსულ დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, უკრაინის მხრიდან, დელეგაციას მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე დავიდ არახამია ხელმძღვანელობდა.
მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი სავარაუდოდ, ხვალ ჩატარდება.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


