ჯიმ რიში: "შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს"
01/03/2022 22:01:24 პოლიტიკა
აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში "ტვიტერში" წერს, რომ შეშინებული და იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს მთავრობა უკრაინას მხარს არ დაუჭერს.
„14 წლის წინ, როცა რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მსოფლიო ჩვენს მეგობრებთან ერთად იდგა თბილისში. ახლა, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, შეშინებული და იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს არ დაუჭერს უკრაინას. ვთხოვ მათ, ის გამბედაობა იპოვონ, რაც უკრაინელებმა გამოიჩინეს“, - წერს ჯიმ რიში.
1 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან ელჩი გაიწვია, მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს ნებართვით მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში ომში ჩართვის განაცხადი იქნებოდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ ქვეყანა არ უერთდება ამ სანქციებს "ეროვნული ინტერესების" გათვალისწინებით. მის ამ განცხადებას ოპოზიციური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა, საპროტესტო აქციებზე, რომლებიც 25 თებერვლიდან მიმდინარეობს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაც მოითხოვეს.
28 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა სანქციების დაწესებაზე საუბრის დროს თქვა, რომ ოპოზიციას ქვეყანაში ომის დაწყება სურს.


