"ზელენსკის განცხადების შეფასებისგან უბრალოდ თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია"
02/03/2022 09:55:51 პოლიტიკა
"ზელენსკის განცხადების შეფასებისგან უბრალოდ თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას.
კალაძის თქმით, საქართველო უკრაინელი ხალხის გვერდით ყოველთვის იდგა და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.
„საქართველო ყოველთვის დგას, იდგა და მომავალშიც იქნება უკრაინელი ხალხის გვერდით. ყველა საერთაშორისო პლატფორმა იქნა გამოყენებული, რომ დავდგომოდით გვერდით უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება დახმარებას, ჩართულია ცენტრალური ხელისუფლება, საქართველოში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეები ყველანაირად არიან უზრუნველყოფილები. ასევე, ჰუმანიტარული ტვირთი იქნა გაგზავნილი და ამაზე არ ვჩერდებით, ეს გაგრძელდება. მე პირადად კახა კალაძე, ჩემს მეგობრებთან ერთად, მზად ვარ დავუდგე გვერდით უკრაინელ ხალხს. ძალიან ბევრი ადამიანი მეხმაურება და ვაპირებთ, რომ გავხსნათ ანგარიში იმისთვის, რომ ფინანსური დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, მე უბრალოდ შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს. დანარჩენი შემდეგ გავაკეთებ შეფასებას და განცხადებას", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, ვოლოდიმერ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია. როგორც მან აღნიშნა, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა ხდება იმის გამო, რომ ქართულმა მხარემ ხელი შეუშალა ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას, ხოლო სანქციების დაკისრების საკითხზე ჰქონდა „ამორალური პოზიცია“.


