ევროპარლამენტარი"მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრის ამ მკაფიო გზავნილის გამო, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიესალმებიან"
04/03/2022 08:17:01 პოლიტიკა
"ევროპელი მწვანეებისა და ევროპელთა თავისუფალი ალიანსის" (Greens/EFA) წევრის, ევროპარლამენტარის მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, "ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიესალმებიან".
ასე გამოეხმაურა "აქცენტთან" საუბრისას ევროპარლამენტარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადზე ხელის მოწერის ფაქტს.
"მოხარული ვარ პრემიერ-მინისტრის ამ მკაფიო გზავნილის გამო. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მიესალმებიან. ეს არის ის, რის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ პოლიტიკურ დონეზე გამართული მოლაპარაკებებითა და შეხვედრებით და რა თქმა უნდა, ასოცირების ხელშეკრულების პირობებზე მუშაობით. მიგვაჩნია, რომ სიმბოლურადაც და პრაქტიკულადაც, ახლა რეგიონისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის მიმართ დამოკიდებულების ჩვენება და ეს უფრო მეტია, ვიდრე მკაფიო განცხადება. მოკლე გზა ევროკავშირში გასაწევრიანებლად, რა თქმა უნდა, არ არსებობს. საქართველოს მოუწევს, გააგრძელოს რეფორმების განხორციელება სასამართლო სისტემის, კანონის უზენაესობის, უმცირესობების უფლებების დაცვისა და სხვა სფეროებში. ევროკავშირში გაწევრიანებას აქვს არა მხოლოდ სარგებელი, არამედ პასუხისმგებლობაც და ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა საზიანო იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის"- განუცხადა "აქცენტს" ევროპარლამენტარმა.
შეგახსენებთმ რომ 3 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს ხელი მოაწერა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ისტორიული დღეა საქართველოსთვის.
"ქვეყნის სახელით ხელს ვაწერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის. ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე – ეტაპი, რომელიც ჩვენი ისტორიის ახალ ფურცელს შლის და აგრძელებს ჩვენი წინაპრების ძალისხმევას, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ იყო მიმართული. საქართველო არის ევროპული სახელმწიფო; ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, ყოველთვის მიეკუთვნებოდა ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის სივრცეს და დღესაც თავისი ღირებული წვლილი შეაქვს მის დაცვასა და განვითარებაში. „ევროპელობა“ სხვა არაფერია თუ არა იმ ღირებულებებისა და ფასეულობების ერთობლიობა, რომელიც ქმნის ევროპას. თვით საქართველოს ისტორია, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა, არის დასტური იმისა, რომ ეს ფასეულობები ქართველი ადამიანის ბუნებაშია და მაშასადამე, განუყოფელია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


