ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა
04/03/2022 10:00:19 პოლიტიკა
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი უკრაინაში საბრძოლველად ჩავიდა.
„ალბათ ვერ წარმოვიდგენდი თუ 48 წლის ასაკში საქართველოს თავისუფლებისთვის უკრაინაში ვიბრძოლებდი თანაც იარაღით ხელში. ვისაც გული გერჩით, თავისუფლების ფასი იცით და მინიმუმ კალაშნიკოვის გამოყენება შეგიძლიათ, ახლა საქართველოს აქ უნდა დაეხმაროთ – უკრაინაში“, – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


