"ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით პარლამენტი პრეზიდენტს 5 მარტს არ მოუსმენს
04/03/2022 10:10:22 პოლიტიკა
პარლამენტის პლენარული სხდომა, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის მოხსენების მოსმენის მიზნით, 5 მარტს არ გაიმართება. ბიურომ პრეზიდენტის მიმართვას, წლიური მოხსენებით პარლამენტი წინაშე 5 მარტს წარმდგარიყო, მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტისადმი “ქართული ოცნების“ უმრავლესობის შეთავაზებაა აღნიშნულ ფორმატში მისი მოსმენა მომავალი სასესიო კვირის პირველივე სხდომაზე გაიმართოს. ასეთი სხდომა კი 15 მარტს ჩატარდება.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბიუროს სხდომაზე განმარტა, პრეზიდენტი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ევროსაბჭოსა და ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც მან ქვეყნის გლობალური უსაფრთხოების, მშვიდობის პროცესში არსებული გამოწვევებისა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გამართა და ჰქონდა ხალხისათვის ანგარიშის წარდგენის სურვილი.
„პრეზიდენტი პარლამენტში წარადგენს არა ყოველწლიურ ანგარიშს, არამედ მოხსენებას. ჩემი წინადადებაა პატივი ვცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, პატივი ვცეთ პრეზიდენტს, როგორც ქალ პრეზიდენტს და მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტს პარლამენტის 5 მარტს მოსვლას და მოხსენებით გამოსვლას“, - მიმართა ბიუროს წევრებს გიორგი მსხილაძემ.
“ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებთან დაკავშირებულ საკითხებზე მასთან შეხვედრა დახურულ სამუშაო ფორმატში გაიმართოს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით წარდგენას 5 მარტს გეგმავდა. ამის შესახებ მისმა ადმინისტრაციამ 2 მარტს გაავრცელა ინფორმაცია. მან მანამდე შეხვედრები გამართა და ტელეფონით ესაუბრა მსოფლიოს ლიდერებს უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე.
ჯერ კიდევ გუშინ, 3 მარტს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ მოხსენების თარიღი შეიძლება გადაწეულიყო.


