პუტინი მეზობელ ქვეყნებს აფრთხილებს
04/03/2022 11:52:29 პოლიტიკა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააფრთხილა რუსეთის მეზობელი სახელმწიფოები, რომ „არ გაამწვავონ სიტუაცია“ მის ქვეყანაზე მეტი შეზღუდვების დაწესებით. ამის შესახებ მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენი მეზობლების მიმართ ცუდი ზრახვები არ გვაქვს. თუმცა მე მათ ვურჩევდი, არ გაამწვავონ ვითარება, არ შემოიღონ რაიმე შეზღუდვა", – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


