Accentnews.ge
"საქართველოში მოქმედებს ომის პარტია"

"საქართველოში მოქმედებს ომის პარტია"

04/03/2022 13:53:41 პოლიტიკა

საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია მასშტაბური კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.

"საქართველოში მოქმედებს ომის პარტია, რომლის ერთადერთი მიზანია, რამენაირად საქართველო ჩართოს სამხედრო კონფლიქტში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ფარული კამპანია, რომელიც სანქციებთან და მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებების წინააღმდეგ წარმოებს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა შევახსენოთ, რომ სამხედრო კონფლიქტში საქართველოს ჩართვა, რაც სურს ომის პარტიას „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, იქნება უმძიმესი შედეგების მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. შესაბამისად, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რათა ქვეყანას და ქართველ ხალხს ომი და მისი გამოუსწორებელი შედეგები აარიდოს. ომის პარტიის განზრახვის მორიგი გამოვლინებაა ახალი კამპანია, რომელიც მათ საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების წინააღმდეგ წამოიწყეს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ამ კამპანიაში, რომელიც დისკრიმინაციისა და შოვინიზმის ძალზე უხეში გამოვლინებაა, ჩართული არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომელთა ერთ-ერთი უმთავრესი მისია სწორედ რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთა და ეთნიკური შუღლის გაღვივების პრევენცია უნდა იყოს", – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, უვიზო რეჟიმი საქართველომ რუსეთთან 2012 წელს, აგვისტოს ომიდან სამი წლის შემდეგ აამოქმედა და როცა ახლა ის ადამიანები, ვინც მაშინ ამ გადაწყვეტილების უკან იდგნენ, სთხოვენ საქართველოს ხელისუფლებას დააბრუნოს სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ:

"წარმოებული კამპანია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლს, რომელიც დისკრიმინაციას ყველანაირი დათქმის გარეშე კრძალავს. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს არანაირი გამართლება არ აქვს, დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა დაუშვებელია და ჩვენ ამ უმძიმეს აქტს კიდევ ერთხელ ვგმობთ, თუმცა ამ ქმედებისთვის უდანაშაულო ხალხის დასჯა კატეგორიულად მიუღებელია. დღეის მდგომარეობით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც წამოწყებულია ამ მასშტაბის კამპანია რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ. ეთნიკური ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არის გაუგონარი მოვლენა ცივილიზებული სამყაროსთვის. ამგვარი მიდგომით ჩვენ ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი”.

მან ასევე ისაუბრა იმ კომპანიებზე, რომლებიც უარს აცხადებენ გაუწიონ მომსახურება რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში.

კობახიძე მიიჩნევს, რომ არსებობს "სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ამგვარმა მიდგომამ უფრო ფართო ტენდენციაც შეიძინოს და რუსი ეროვნების მოქალაქეების ფიზიკურ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდოს."

იგი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მიიღონ ყველა ზომა ყოველგვარი ფიზიკური დაპირისპირებისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის პრევენციისა და აღკვეთისათვის და ამგვარი ქმედების ყველა ჩამდენი კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.

"აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დააანონსა კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი შეიმუშავებს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ.

დღეს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან დროებითი სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით მიმართა პარტია "ლელომ." მან ასევე ხელისუფლებას მოსთხოვა, გაასაჯაროოს მონაცემები რუსეთის მოქალაქეების მიერ საზღვრის კვეთისა და თავშესაფრის თხოვნის შესახებ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S