"სადღეისოდ დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც აფთიაქებშია"
07/03/2022 09:05:14 პოლიტიკა
დღეისათვის დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც აფთიაქებშია - ჩვენ პირდაპირი შეთანხმება და წვდომა გვექნება თურქულ მხარესთან, რომ ფასის ხელოვნურად აწევა არ მოხდეს მედიკამენტზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრთან განიხილავენ, თუ როგორ უნდა გაკონტროლდეს მედიკამენტების ხარისხი.
„წამლის ფასებთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ 1 თვის წინ გავხსენით და სიაში დავამატეთ თურქეთის ბაზარი. ბევრი ამას სკეპტიკურად უყურებდა, ამბობდა, რომ ეს არ იმოქმედებდა წამლის ფასებზე. დღეს ის რეალობა და მოლოდინი გვაქვს, რაც გვქონდა. აფთიაქებში რამდენიმე ათეული დასახელების თურქული მედიკამენტია შემოსული. ფასები მკვეთრად გაიაფებულია, ზოგ შემთხვევაში 80-90%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი კვირის და ერთი თვის წინ. ამ პროცესს ვაგრძელებთ. ასევე ვაგრძელებთ იმ რეკომენდაციებს, რაც საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარს გამჭვირვალეს გახდის. დღეისათვის დარეგისტრირებული გვაქვს 20-მდე თურქული მედიკამენტი, რომელიც საქართველოში შემოვიდა და აფთიაქებშია. ჯამში, ველოდებით, რომ 200-მდე მედიკამენტი იქნება ისეთი, რომელიც თურქეთიდან შემოვა და ჩაანაცვლებს სხვა ქვეყნებიდან იმპორტს. შესაბამისად, მათი ფასები მკვეთრად გაიაფდება. თურქეთში დღევანდელი ვიზიტით კოლეგასთან დეტალურად განვიხილავთ საქართველოსთვის თურქული მედიკამენტების ხელმისაწვდომობას. გვექნება მნიშვნელოვანი შეთანხმება, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების ხარისხის გაკონტროლება, ასევე მექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს მასზე ფასების დაწესება. სრულყოფილი ინფორმაცია გვქონდეს, მაქსიმალურად გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი კონკურენცია იყოს ამ მიმართულებით. ჩვენ პირდაპირი შეთანხმება და წვდომა გვექნება თურქულ მხარესთან, რომ ფასის ხელოვნურად აწევა არ მოხდეს მედიკამენტზე“, - აღნიშნავს მინისტრი.


