ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა
07/03/2022 13:56:38 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა რეზოლუციის პროექტი, რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციას ეხება. ინიციატორები უმრავლესობის წევრები: მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ლევან ქარუმიძე, თამარ ტალიაშვილი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი და სოზარ სუბარი არიან.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.
საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება 2 მარტს მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე უკრაინამ გააკეთა დაჩქარებული წესით მოთხოვნა ევროკავშირის წევრობაზე 28 თებერვალს.
უკვე მეთორმეტე დღეა, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან საომარ მოქმედებებს ატარებს - იბომბება არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი სახლები. უკვე დაიღუპა 30-ზე მეტი ბავშვი და ათეულობით რიგითი მოქალაქე.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


