მოსკოვში ლუგარის ლაბორატორიის თემას კვლავ დაუბრუნდნენ
07/03/2022 16:18:26 პოლიტიკა
მოსკოვი კვლავ ირწმუნება, რომ "საქართველოში ღორის ე.წ. აფრიკული ჭირის შტამი გამოიყვანეს". კერძოდ, რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი აცხადებს, რომ „ღორის ე.წ. აფრიკული ჭირი, რომელიც 2007 წლიდან აქტიურად ცირკულირებს, საქართველოში არსებულ ლაბორატორიაშია გამოყვანილი".
"ვთვლით, რომ ეს შტამი, რომელსაც მომეტებული კონტაგიოზურობა ახასიათებს, პენტაგონს დაქვემდებარებულ ქართულ ლაბორატორიაშია კონსტრუირებული. მისმა გავრცელებამ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალი მოუტანა მთელ რიგ სახელმწიფოებს, უკრაინისა და პოლონეთის ჩათვლით, რომლებიც ღორის ხორცის ექსპორტიორთა რიგებიდან განკვეთა" - ირწმუნება რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ჯარების ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იგორ კირილოვი.
ცნობისთვის: რუსი ჩინოსნები და მედია საშუალებები ლუგარის ლაბორატორიის თემას ხშირად უბრუნდებიან, როგორც კი რუსეთს საქართველოზე მორიგი პოლიტიკური ზეწოლის განხორციელების საჭიროება დგება.
2013 წელს რუსეთის იმჟამინდელმა მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ "შტამი, რომელმაც რუსეთში პირუტყვის მასობრივი ვარდნა გამოიწვია, ქვეყანაში სწორედ საქართველოდან მოხვდა".
თბილისში ლუგარის სახელობის ლაბორატორიის გახსნის დროიდან - 2011 წლიდან რუსული მედია სისტემატიურად ცდილობს იმ ცრუ აზრის დამკვიდრებას, რომ ცენტრში ამერიკელების დაკვეთით საშიში ვირუსების შტამები, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღები მზადდება, ხოლო შემდეგ რუსულ მედიაზევე დაყრდნობით ანალოგიურის მტკიცებას ცდილობენ რუსი, აფხაზი და ოსი ჩინოსნები. 2018 წელს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოწვევით ლაბორატორია მსოფლიოს 17 ქვეყნის წარმომადგენელმა ექსპერტებმა შეამოწმეს. მათ დასკვნაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ ლუგარის ცენტრი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებით მუშაობს. 2020 წლის 3 სექტემბერს საქართველოს შსს-მ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის შესახებ განაცხადა. მისი ინფორმაციით, 1-ელ სექტემბერს ჰაკერებმა სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციის ხელში ჩაგდება სცადეს, მათ შორის, ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ბაზებიდან. გასული წლის სექტემბრიდან რუსულ მედიაში ამ ლაბორატორიის სახელის გამოყენებით აქტიური სადეზინფორმაციო-პროპაგანდისტული კამპანია განახლდა.


