შს მინისტრის მტკიცებით, ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთიდან მოქალაქეების შემოდინება არ გაზრდილა
09/03/2022 07:49:22 პოლიტიკა
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა არ გაზრდილა.
შს მინისტრი ირწმუნება, რომ პირიქით, წინა წლებთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა შემცირებულია.
"იყო ხშირი საუბარი, თითქოს უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი. 2020-"ში დაკეტილი იყო მთლიანად, 2019-2021 წლებს თუ შევადარებთ, დაახლოებით იმის 70%-ია შემოსული, რაც ადრე შემოდიოდა... იმაზე ნაკლებია. ომის დაწყებიდან დღემდე, 13 დღის განმავლობაში, 20 ათას ადამიანზე ოდნავ მეტია შემოსული, როცა 2019-ში იყო 40 ათასი შემოსული", - თქვა გომელაურმა.
ჟურნალისტებმა მას დაკონკრეტება სთხოვეს, შედარებისას გულისხმობდა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს, თუ მთელ წელს, რაზეც გომელაურმა უპასუხა: "ანალოგიურ [პერიოდში], 13 დღის განმავლობაში".
მინისტრის თქმით, ყველაფერი კეთდება საზღვრების დასაცავად:
"100%-იანი დაცვა არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ვინმემ რომ თქვას, 100%-ით დაცულია ჩემი ქვეყნის საზღვრები, არც ერთ ქვეყანას არ აქვს, იმ დიდ ქვეყნებსაც კი, თუნდაც ავიღოთ რამდენიმე ხნის წინ მექსიკა-ამერიკის საზღვარზე... პრობლემაა ყოველთვის. ასე რომ, 100%-ით დაცულია ჩვენი საზღვრები, ჩემი მხრიდან იქნებოდა არასწორი ნათქვამი. მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ იყოს უსაფრთხო.
ჩვენი მეზობლები არიან აზერბაიჯანი, ჩვენი მეგობრები, ასევე, სომხეთი, თურქეთი, ერთი პრობლემა შეიძლება იყოს სხვა მიმართულებთ - რუსეთის მიმართულებით, დანარჩენი მაქსიმალურად ვაკონტროლებთ საზღვარს".
8 მარტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უწყება ირწმუნება, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის, ბელარუსისა და სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები ქვეყნის უსაფრთხოებისათვის რისკს არ ქმნიან.
"მიმდინარეობს საზოგადოების დაშინება შემოსულ პირთა შორის ე.წ. დივერსანტების, ტერორიზმთან დაკავშირებული ჯგუფების და ა.შ. არსებობის შესახებ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემო სრულ კონტროლს ექვემდებარება", - აცხადებენ სუს-ში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე ირწმუნება, რომ "აქტიურ რეჟიმში" ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს შესაძლო რისკები და გამოწვევები.


