საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის "ცხელი ხაზი" იმუშავებს
09/03/2022 08:06:27 პოლიტიკა
საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარების მიღების მიზნით, დედაქალაქის მერიის "ცხელ ხაზზე" – 032 272 22 22 დარეკვა შეუძლიათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქის მერიამ უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად, უკვე არაერთი ღონისძიება გაატარა და მათ საჭიროებისამებრ, მომავალშიც დაეხმარება:
"როგორც იცით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ, მოგვმართონ – 032 272 22 22-ზე. ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ“.
ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სახაზინო ანგარიშზე, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა და მასზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
კახა კალაძის თქმით, სახაზინო ანგარიშზე მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტების მიერ უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დარიცხული.
"კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს – 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს – უკრაინისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.


