ოპოზიცია აჭარის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის გადაყენების საკითხს აყენებს
10/03/2022 11:03:47 პოლიტიკა
აჭარის უმაღლეს საბჭოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" იწყებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. ფრაქციის წევრმა გიორგი კირთაძემ დღეს, 10 მარტს, თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა.
"რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვაზე ისიც კი არ თქვა, რომ რუსეთი არის აგრესორი და ოკუპანტი... უფრო მეტიც, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც 2008 წლის ომის დაწყებაში საკუთარი ქვეყანა დაადანაშაულა. მისი ეს განცხადებები არაა ქართველი ხალხის ინტერესების გამომხატველი. მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ამიტომ დავიწყეთ უმაღლეს საბჭოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა", - თქვა მან.
აჭარის უმაღლესი საბჭოში ამ პროცესის დასაწყებად 7 დეპუტატის ხელმოწერაა საჭირო, ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობაში" კი 6 დეპუტატია. საბჭოში სულ შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატია, მათგან მეშვიდე "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი ირაკლი ჩავლეიშვილია, რომელმაც პარტია დატოვა და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დამოუკიდებლად, ოპოზიციის ბოიკოტის დროს დაიწყო.
7 მარტს რიჟვაძეს "TV პირველის" ჟურნალისტმა ჰკითხა, "ვინ დაიწყო ომი - უკრაინამ თუ რუსეთმა", რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასე უპასუხა: "ეს უნდა ჰკითხოთ ამ დარგის ექსპერტებს... მე ვუსურვებ უკრაინელებს ამ ომის ძალიან მალე დასრულებას".


