"საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ"
11/03/2022 10:26:50 პოლიტიკა
"საქართველომ და მოლდოვამაც ევროკავშირისგან ისეთივე მწვანე შუქი მიიღეს, როგორც უკრაინამ",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ევროკავშირი შეისწავლის განაცხადის ავტორი ქვეყნების მზაობას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის.
„ევროკავშირში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური განხილვა განაცხადების, რომლებიც უკრაინასთან ერთად საქართველომ და მოლდოვამ წარადგინეს. მისასალმებელია ის, რომ პროცესი დაიწყო. თავად პროცესის დაწყებასაც, როგორც წესი, დრო უნდა ხოლმე. პროცესი დაიწყო შესწავლით - კერძოდ ევროკავშირი შესაბამისი პროცედურის საფუძველზე შეისწავლის ამ სამი ქვეყნის მზაობას, მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება იმას, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი - არსებობს მოცემული ეტაპები, რასაც გაწევრიანების, ან კანდიდატის მინიჭებისთვის, ბუნებრივია, ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაახტება, მაგრამ დაჩქარებისას საუბარია იმაზე, რომ ამ საკითხს უფრო კონცენტრირებულად მიუდგება როგორც ევროკავშირი, ასევე განაცხადის წარმდგენი ქვეყნები. ჩარჩოდ რჩება ასოცირების შეთანხმება. შეთანხმებაშია გაწერილი ყველა საჭირო მიზანი, რასაც საქართველომ უნდა მიაღწიოს, მათ შორის საკანონმდებლო დაახლოების კუთხით, რაც პარლამენტს შეეხება. დღეს გაიმართა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონი, ესეც არის ნაწილი იმისა, რასაც საქართველოს პარლამენტი აკეთებს, რათა დააჩქაროს პროცესი“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ასოცირებული ტრიოს მიმართ თანაბარი მიდგომაა იმ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, რაც ევროკავშირს აქვს:
"იმედი გაჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან აჩქარება მოხდეს. არის სამუშაოს რაღაც მოცულობა, რაც დროში ვერ შემცირდება, მაგრამ მთავარი არის ის, რომ პროცესი დაიძრა და მწვანე შუქია ანთებული ასოცირების ტრიოს სამივე ქვეყნისთვის. რამდენიმე წლით აქეთ გადმოიწია მდგომარეობამ და გადავედით იმ პროცესზე, როდესაც რეალური საუბარი ხდება, როგორი უნდა იყოს კანდიდატის სტატუსის მიღების, თუ გაწევრიანების პროცესი“.
კითხვაზე, რა რეფორმები უნდა გაატაროს საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, პაპუაშვილი ამბობს, რომ მთავარი ევროკავშირის სამართლებრივ სივრცესთან დაახლოებაა.


