
დროება იცვლება, “monsieur le Président": უნდა გვეომა თუ არა 2008-ში?
07/08/2019 09:20:20 თვალსაზრისი, ანალიზი
ღამის დაახლოებით ორი იქნებოდა, როცა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ბენეში გააღვიძეს: როგორც კანცელარიის უფროსმა მოახსენა, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ელჩები – ნიუტონი და დე ლაკრუა დაუყოვნებლივ მიღებას მოითხოვდნენ. ბენეშს ისინი იმისთვის ეახლნენ, რათა ეცნობებინათ: ლონდონი და პარიზი ჩეხოსლოვაკიას გერმანიის მოთხოვნის შესრულებას - მისთვის ქვეყნის მოსაზღვრე ოლქების დათმობას ურჩევდნენ და ერთობლივ სამხედრო მოქმედებებზე საუბარიც კი ზედმეტი იყო. "მაგრამ თქვენ ხომ ჩვენთან სამოკავშირეო შეთანხმება გაქვთ დადებული და ვალდებულება გაკისრიათ, დაგვეხმაროთ?!" – მიმართა საფრანგეთის ელჩს ბენეშმა. "ვიცი, მაგრამ დროება იცვლება, “monsieur le Président", – ხმადაბლა, თუმცა მტკიცედ მიუგო დე ლაკრუამ… 1938 წლის 22 სექტემბერი თენდებოდა. ბენეშმა საბოლოოდ გააცნობიერა, რომ მისი ქვეყანა აგრესორ მეზობელთან დაპირისპირებაში დახმარებას არსაიდან უნდა დაჰლოდებოდა… თუმცა აგონია კიდევ ერთ კვირას გაგრძელდა - სანამ ზუსტად 80 წლის წინ, 30 სექტემბერს, გამთენიისას მიუნხენში ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის ლიდერებმა არ გააფორმეს შეთანხმება, რომლის თანახმად, ჩეხოსლოვაკიის უმთავრესად ეთნიკური გერმანელებით დასახლებული მოსაზღვრე ტერიტორიები “დიად გერმანულ რეიხს” უნდა გადასცემოდა. თავად ჩეხოსლოვაკიის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე არც კი მიიწვიეს – მხოლოდ შედეგი შეატყობინეს... ამავდროულად პრაღას ულტიმატუმი წაუყენეს პოლონეთმა და უნგრეთმა: პირველს ტეშინის ოლქის დასაკუთრება სურდა, რომლის გამოც ჩეხოსლოვაკიასთან 1919-20 წლებში კონფლიქტი ჰქონდა, ხოლო მეორეს – სამხრეთ სლოვაკიისა და კარპატების ნაწილის მიერთება, სადაც უნგრული უმცირესობა სახლობდა… რიგი წამყვანი პოლიტიკოსებისა და არმიის ხელმძღვანელობის აზრის საწინააღმეგოდ, პარლამენტის მოწვევის სკონსტიტუციო ვალდებულების დარღვევით, მხოლოდ მინისტრების უმრავლესობის მხარდაჭერით, პრეზიდენტმა ბენეშმა გერმანიის პირობები დააკმაყოფილა და ჯარს მიეცა ბრძანება, უბრძოლველად დაეტოვებინა ოლქები, რომლებიც გერმანიას გადაეცემოდა. "სიბეცე იქნებოდა ხალხის წაყვანა სასაკლაოზე ეხლა, როდესაც იზოლაციაში ვართო", – განუცხადა პრეზიდენტმა მასთან პროტესტის გამოსახატად მისულ გენერლებს. წინააღმდეგობა არც მაშინ გაწეულა, როცა 1939 წლის მარტში ნაცისტებმა ჩეხეთის ოკუპაცია მოახდინეს, სლოვაკეთს კი მარიონეტული “დამოუკიდებლობა” უბოძეს. ამის შემდეგ აქ არსებული სამხედრო მრეწველობა ჰიტლერის იმპერიის სამხედრო მანქანის ნაწილად იქცა და ჩეხური წარმოების ტანკები როგორც საფრანგეთის განადგურების, ისე სსრკ-ის ტერიტორიაზე ვერმახტის ოპერაციებში მონაწილეობდნენ. საოკუპაციო ხელისუფლების რეპრესიების შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა. მიუნხენის კონფერენციის დღეს, მინისტრებისა და გენერლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ედვარდ ბენეშმა განაცხადა: “მოვა დიდი ევროპული ომი და მათ [მოკავშირებს], ვისაც ეხლა - უკეთეს პირობებში ჩეხოსლოვაკიასთან ერთად ბრძოლა არ სურთ, მოუწევთ, იომონ ჩეხოსლოვაკიის ნაცვლადაც, როცა ჩვენ ამის შესაძლებლობა აღარ გვექნება. დადგება მძიმე ანგარიშსწორების დღე"... ეს შემზარავი წინასწარმეტყველება ახდა: მას შემდეგ, რაც დასავლურმა სახელმწიფოებმა ჩეხოსლოვაკიის ხარჯზე ომის დაწყება გადაავადეს, მოვლენები ფაქტობრივად, სწორედ ამ სცენარით განვითარდა: საფრანგეთი თავადაც ოკუპაციაში მოექცა და უზარმაზარი ფასი გადაიხადა, ბრიტანეთმა კი იმავე ბედს ძლივს დააღწია თავი… თუმცა ბენეშს იმ დღეს არაფერი უთქვამს ჩეხოსლოვაკიის საგარეო პოლიტიკის კრახზე, იმაზე, რომ მთავრობის ვალდებულება, ქვეყნისათვის სუვერენიტეტი და საგარეო უსაფრთხოება უზრუნველეყო, ჩაეწერა ისინი იმდროინდელი ევროპის საერთაშორისო შეთანხმებებისა და გარანტიების სისტემაში, ჩავარდა; კრახი განიცადა ჩეხოსლოვაკიური დიპლომატიის მცდელობამ, საფრანგეთის მტკიცე მხარდაჭერა მოეპოვებინა: პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პარიზს, რომელმაც იმ ომში ძალიან დიდი დანაკარგები განიცადა, ახალი ომის ძალიან ეშინოდა. ბრიტანეთს კი ჩეხოსლოვაკიასთან საკუთრივ სამოკავშირეო შეთანხმება არც ჰქონია და მთელს ამ პროცესში საფრანგეთის მოკავშირის სტატუსით მონაწილეობდა. ამგვარად, სიტუაცია მართლაც მძიმე იყო, თუმცა არაერთი ჩეხი ექსპერტის აზრით, ამ პირობებშიც შეიძლებოდა წინააღმდეგობის გაწევა. მათი თვალთახედვით, ამას გავლენა ექნებოდა ომისშემდგომ სიტუაციაზეც, კერძოდ, ამ შემთხვევაში ასე მარტივად არ მოხდებოდა ჩეხოსლოვაკური საზოგადოების კომუნიზაცია და გასაბჭოება: პატრიოტული თავდაცვის გამოცდილებას შეეძლო, იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალების აღზევება გამოეწვია, რომლებიც ნაცისტური დიქტატურის კვალდაკვალ წინააღმდეგობას ახალ – კომუნისტურ დიქტატურას გაუწევდნენ...
ასეა თუ ისე, 1938 წლის კრიზისმა მეორე მსოფლიო ომის პროვოცირება მოახდინა, პრაღაში კომუნისტური გადატრიალება მოხდა და ბენეშმა მორჩილად დაუთმო ძალაუფლება კომპარტიის ლიდერ კლემენტ გოთვალდს. 1940-იანების ბოლოს ჩეხოსლოვაკია საბჭოეთის გავლენის სფეროში აღმოჩნდა და სსრკ-ის სატელიტად გადაიქცა…
დღეს, მიუნხენის შეთანხმებიდან 80 წლის შემდეგ, ის და მისი შედეგები კვლავაც ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ და წინააღმდეგობრივ ფურცლად ჩეხურ და სლოვაკურ ისტორიაში. დავა იმაზე, უნდა გაეწია თუ არა იმ მომენტში ჩეხოსლოვკიას წინააღმდეგობა, დღემდე გრძელდება და ალბათ, ვერასოდეს გადაწყდება: თავისი არგუმენტები აქვთ პრეზიდენტ ბენეშის გადაწყვეტილების როგორც მომხრეებს, ისე მოწინააღმდეგეებს.
მიუნხენის შეთანხმებიდან ერთ წელიწადში სსრკ-სა და ნაცისტურ გერმანიას შორის გაფორმდა "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი” – ისეთივე ამორალური და ისიც აგრესორისთვის მეზობელი ქვეყნის, ამჯერად პოლონეთის შესაწირად: შედეგად ეს უკანასკნელი ჯერ იზოლაციაში მოექცა, ხოლო შემდეგ დაიშალა…
მიუნხენის შეთანხმება ისტორიაში აგრესორის დაშოშმინების ქრესტომათიულ მაგალითად შევიდა. არადა რეალურად, 1938–1940-იან წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარმა გეოპოლიტიკურმა ცვლილებებმა მხოლოდ უბიძგა მსოფლიოს ომისკენ, დასავლურმა დემოკრატიებმა კი, რომლებიც ომისთვის უკეთ მოსამზადებლად დროის მოგების მიზანს ისახავდნენ, ამას ვერ მიაღწიეს: 1940 წლის მაის-ივნისში საფრანგეთის სწრაფმა და კატასტროფულმა განადგურებამ ეს თვალნათლივ წარმოაჩინა, ბრიტანეთი კი აღმოჩნდა სიტუაციაში, როდესაც მთელი წლის განმავლობაში მარტოს მოუწია ნაცისტებთან ბრძოლა … მაშ იყო კი ეს სწორი არჩევანი აგრესორისთვის წინააღმეგობის გასაწევად? და საერთოდ, არსებობს კი ამის უნივერსალური რეცეპტი, მიუხედავად იმისა, რომ აგრესორები იცვლებიან, მათი პოლიტიკა კი ფაქტობრივად უცვლელი რჩება?
ოთხი წლის წინ ყირიმის მიერთებით რუსეთმა ევროპულ პოლიტიკურ პრაქტიკაში ცნება "ანექსია"დააბრუნა.
ბოლო დროს 2014 წელზე, უკრაინასა და ყირიმის ანექსიაზე საუბრისას ყოველთვის როდი ახსენდებათ, რომ მანამდე იყო 2008 წელი საქართველოში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რომელსაც რუსეთი დღემდე აგრძელებს. 1938 წლის ჩეხოსლოვაკიისგან განსხვავებით, საქართველომ აგრესორს წინააღმდეგობა გაუწია, რითაც ბევრი დასავლელი პარტნიორი გააბრაზა; დამატებით დაკარგა ტერიტორიები; მიიღო დაღუპულებისა და დევნილების ახალი წყება; ფაქტობრივად დაკარგა ისედაც სუსტი საზღვაო ინფრასტრუქტურა; იზარალა ეკონომიკურად…. და ეს ჩამონათვალი კიდევ შეიძლება, გაგრძელდეს. თუმცა ცენტრალური ხელისუფლება არ ჩამოშლილა; საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ დაუკარგავს; აგრესორს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კონტროლი არ გაუვრცელებია და ვერც თავისი გავლენის სფეროში დაგვაბრუნა… ეს ჩამონათვალიც შეგვიძლია, გავაგრძელოთ.
მაშ უღირდა თუ არა საქართველოს, 2008-ში ეომა? - ამ კითხვით “აქცენტმა” საქართველოსა და უცხოეთში მოღვაწე ექსპერტებს მიმართა.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი ეკა აკობია:
- 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში აზრთა სხვადასხვაობაა: ნაწილი თვლის, რომ ოფიციალურ თბილისს რუსეთის პროვოკაციისთვის არ უნდა ეპასუხა, ხოლო მეორე ნაწილი სააკაშვილის გადაწყვეტილებას ამართლებს და განმარტავს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს საქართველოში იგივე რეალობა გვექნებოდა, როგორიც 2014 წელს უკრაინაში შეიქმნა. თქვენ რა აზრი გაქვთ ამასთან დაკავშრებით? რა მოხდებოდა, საქართველოს, რომ2008 წელს რუსული აგრესიისთვის წინააღმდეგობით არ ეპასუხა და საბრძოლო მოქმედებებში არჩართულიყო? რა ვითარება გვქნებოდა სადღეისოდ?
- მაშინ, როცა ვიცით, რომ რუსეთს სურდა საქართველოში დემოკრატიული წინსვლისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერება, ვიცით ასევე ის, თუ როგორ განვითარდა მოვლენები უკრაინაში, საკითხის იმგვარად დაყენება, მისცა თუ არა საქართველომ რუსეთს საბაბი, უბრალოდალოგიკურია. ჩვენ დავინახეთ, რა სცენარით განვითარდა მოვლენები უკრაინაში: ევრომეიდანის პროტესტის ფონზე, რომელიც სწორედ უკრაინის ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად მიმდინარეობდა, რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, დღემდე ახორციელებს კონფლიქტის გაღვივებას და მასში უშუალოდ მონაწილეობს აღმოსავლეთ უკრაინაში. იქ რა გახდა მიზეზი? პრობლემის თავი და თავი არის ის, რომ რუსეთი მოქმედებს ნეოიმპერიალისტური იმპულსებით და არ სურს, შეეგუოს მის სამეზობლოში დამოუკიდებელი სახელმწიფოების არსებობას. ჩვენი პრეროგატივაა, არ შევეგუოთ ამ უსამრთლობას და ყველა სამართლებრივი და პოლიტიკური საშუალება გამოვიყენოთ ამგვარი დომინაციის გასანეიტრალებლად.
ამ კონტექსტში არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიის უახლოესი წარსულის დამახინჯებული ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით - მაღალი საჯარო თანამდებობის მქონე ან ასეთი თანამდებობისთვის მებრძოლი კანდიდატების მხრიდან არის ძალიან პრობლემატური. სწორმა სამართლებრივმა და პოლიტიკურმა შეფასებამ უნდა განსაზღვროს საქართველოს მომავალი სახელმწიფოებრიობის სიმტკიცე, არასწორი ინერპრეტაცია კი აზიანებს ჩვენს დღის წესრიგს. განსაკუთრებით - იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოკვლევა და, მეორეს მხრივ, რუსეთის მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა იბრძვის, სადაც გაუვა, იმის დასატასტურებლად, რომ სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა არ იყო უკანონო ქმედება, არამედ გამოწვეული იყო ე. წ. „დაცვის პასუხისმგებლობით“.
ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის ეს მცდელობა არასდროს ყოფილა წარმატებული - არ არსებობს საერთაშორისო დოკუმენტი ან პროცესი, სადაც ეს დასტურდება. პირიქით, არსებობს უამრავი, რომელშიც საპირისპირო წერია. იგივე ტალიავინის მოხსენებაში დადასტურებულია ქართველთა ეთნიკური წმენდა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები; დადასტურებულია, რომ რუსეთი ამზადებდა სამხედრო თავდასხმას, რომ ცხინვალიდან მოხდა მოსახლეობის გაყვანა მასშტაბური სამხედრო ოპერაციების დაწყებამდე; რომ ომი 7-8 აგვისტომდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ხოლო რუსი დაქირავებული ჯარისკაცები შემოვიდნენ ცხინვალის რეგიონში დიდი ხნით ადრე; რომ რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონში სამხედრო ოპერაციის დაწყება იყო სრულიად არალეგალური ნაბიჯი და სხვა მრავალი; რომ რუსეთის მტკიცება სამშვიდობობების ამოხოცვის შესახებ არ იქნა დადასტურებული; რომ რუსეთი რეგიონში აწარმოებდა მასშტაბურ არალეგალურ პასპორტიზაციას, რაც იყო საერთაშორისო სამართლის ცალსახა დარღვევა და ა. შ.
გავიხსენოთ 2008 წლის გაზაფხულზე რუსეთის მიერ დსთ-ის შეთანხმებიდან გამოსვლა, აფხაზეთში „სარკინიგზო დანაყოფის“ შეყვანა, სამშვიდობო კონტინგენტის „გაძლიერება“ ნებადართულ კვოტებს მიღმა, სამხედრო წვრთნა «კავკასია 2008»-ის დასრულების მერე დანაყოფების დატოვება ვარჯიშის ადგილზე, ქართულ სოფლებზე თავდასხმის გაძლიერება, პოლიციის მანქანის აფეთქება, ქართული და საერთაშორისო ძალისხმევით ნორმალიზების ყველანაირ დიალოგზე უარის თქმა და თავის არიდება...
შესაბამისად, როდესაც ქართველი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი იტყვის რაიმეს, რაც წაეხმარება რუსეთს საკუთარი ცრუ არგუმენტის დასადასტურებლად, ეს მყისიერად იქნება გამოყენებული ჩვენს წინააღმდეგ.ამდენად, შეუძლებელია, ამ მცდელობაში ვინმემ რამე დაინახოს ზიანის მიღმა! მავანთ კი შეუძლიათ, იმსჯელონ, რუსეთს ამ ქმედებებისთვის როგორი casus belli დააკმაყოფილებდა, ან საერთოდ დასჭირდებოდა კი მიზეზი? მაგრამ რა ღირებულება უნდა ჰქონდეს „რა იქნებოდას“ ამოცნობის მცდელობას ჩვენი ისტორიისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის?! წარსულზე უშედეგო მჩხიბავობა, როდესაც უტყუარი, სავალალო ფაქტები უკვე დამდგარია, ვის ან რას უნდა აძლევდეს ხელს? სერიოზული დაფიქრება გვმართებს ამ საკითხზე.
- რამდენად საფუძვლიანად და გამართლებულად მიგაჩნიათ განცხადებები, მათ შორის – მმართველი პოლიტიკური გუნდისა და თავის დროზე მის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის, – სალომე ზურაბიშვილის [გაპრეზიდენტების შემდეგ ზურაბიშვილმა ამ საკითხში პოზიცია შეარბილა - რედ.] მხრიდან, რომლის თანახმად, სააკაშვილი 2008 წელს წინასწარი განზრახვით,რუსეთთან შეთანხმებულად მოქმედებდა?
- 2008 წელს რუსეთის გაცხადებული მიზანი იყო საქართველოში რეჟიმის ცვლილება. რუსეთს დიდი ხანია, ხელს არ აძლევდა საქართველოში დემოკრატიის წინსვლა, ეკონომიკური ზრდა და ეფექტური რეფორმების პროცესი. ეს პუტინის მიერ რუსეთში და მისი გავლენის სფეროში შექმნილი ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული და ავტორიტარული რეჟიმების საპირწონედ ძალიან საშიში პრეცედენტი იყო. პატარა საქართველო ახერხებდა, ეჩვენებინა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეშიც შესაძლებელია ღია, გამჭირვალე მმართველობა, კორუფციის აღმოფხვრა, კრიმინალის შემცირება და ეკონომიკური ზრდის მიღწევა მარტივი პოლიტიკური ნებისა და მერიტოკრატიულად შერჩეული საჯარო მოხელეების ერთობლივი მუშაობით, ყოველგვარი რენტიერიზმის გარეშე.
მაშასადამე, ამ ლოგიკით გამოდის, რომ პუტინთან თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობა, რომლის მოშორება რუსეთის ფედერაციის დეკლარირებული მიზეზი იყო? რა გაუმართავი ლოგიკური ჯაჭვია, ხვდებით?! წინა ხელისუფლება შეიძლება, ვაკრიტიკოთ სახელმწიფო მართვაში დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამო, მაგრამ ის, რომ მთავრობა რუსეთთან შეთანხმებით მოქმედებდა, აბსურდია და მე რომ ამ კანდიდატის ამომრჩეველი ვიყო, შეურაცხყოფილი დავრჩებოდი ასეთი ალოგიკური „სატყუარათი“.
- რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის მიერ თავის დროზე მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა – იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრმა [გაპრეზიდენტების შემდეგ ზურაბიშვილმა ამ საკითხში პოზიცია შეარბილა - რედ.}, რუსეთ–საქართველოს ტერიტორიიდან ბაზები გააყვანინა, იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე არაერთგზის დადასტურდა, რუსეთი ამ ომს დიდი ხნით ადრე გეგმავდა და შესაბამისად, კარგად უწყოდა, რომ ზურაბიშვილთან ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევიდან 2 თვეში საქართველოში ჯარს კვლავ შემოიყვანდა, თანაც ბევრად უფრო დიდს?
- საქართველოდან ჯარების გაყვანის ვალდებულება რუსეთმა 1999 წელს ეუთო-ს სტამბოლის მინისტერიალზე აიღო და მას მერე ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდა მთელი ქართული საგარეო სისტემა უცხოელი მოკავშირეების დახმარებით. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოსთვის საინტერესო საკითხი, ეს იყო ევროპაში უსაფრთხოების თამაშის სწორი წესების დამკვიდრების თემა და რუსეთზე ზეწოლას ახორციელებდა მთელი ევროპული უსაფრთხოების სისტემა. სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში იყო ამ პროცესის კულმინაციის მონაწილე, თუმცა მისი ექსკლუზიური როლი არ იკვეთება. ეს ბევრი ადამიანის მუშაობის შედეგია.
ამასთან, სამწუხაროდ, კომუნიკეს შედეგი დადგა გვიან და არასრულად. რუსეთს იგივე სტამბულის კომუნიკე არა მარტო ვაზიანის და ბათუმის, არამედ გუდაუთის ბაზის გაყვანასაც ავალდებულებდა, თუმცა ჯარი გაყვანილი არ იქნა აფხაზეთიდან, რაც, სამწუხაროდ, გახდა 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის ერთ-ერთი ფაქტორიც.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ბატაშვილი:
- უნდა ეპასუხა თუ არა, თქვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას 2008 წელს რუსეთის პროვოკაციისთვის?
- 2008 წლის აგვისტოში არ მომხდარა "რუსული პროვოკაცია", - მოხდა რუსეთის პირდაპირი სამხედრო თავდასხმა საქართველოზე. 7 აგვისტოსთვის რუსული რეგულარული არასამშვიდობო სამხედრო ნაწილები უკვე შემოჭრილები იყვნენ საქართველოში - დიდი ხნით ადრე, ვიდრე 7 აგვისტოს, გვიან საღამოს მიხეილ სააკაშვილი გასცემდა ქართული სამხედრო ოპერაციის დაწყების ბრძანებას. ამგვარი სამხედრო თავდასხმა არ არის "პროვოკაცია". ეს არის ერთი სახელმწიფოს აგრესია მეორეს წინააღმდეგ. ეს იყო სწორედ ომის დაწყება რუსეთის მიერ.
თუ ვინმე თვლის, რომ რუსეთის სამხედრო თავდასხმის დროს საქართველო არ უნდა უწევდეს აგრესორს წინააღმდეგობას და ეგრევე უნდა დანებდეს, - პირდაპირ ასე თქვან, ეს იქნება მათი მოსაზრება. მაგრამ იმის თქმა, თითქოს რუსეთის მხრიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ "პროვოკაციას", ხოლო სამხედრო მოვლენები საქართველოს ინიციატივით დაიწყო, არის ტყუილი. ამის მთქმელებმა ან არ იციან ელემენტარული ისტორიული ფაქტები, ან შეგნებულად სჩადიან დანაშაულს როგორც ობიექტური ისტორიული სიმართლის, ისე საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.
ისტორიის შეგნებულად გამყალბებლებს ვერაფრით დავეხმარები, თუმცა იმათ, ვინც არ იცის საკმარისი ფაქტები 2008 წლის ომის დაწყების შესახებ, ვურჩევ, გაეცნოს ამ კვლევას, სადაც ასეთი ფაქტი საკმარისზე მეტი მაქვს მოყვანილი, უამრავ, მათ შორის რუსულ წყაროზე დაყრდნობით -https://www.gfsis.org/files/library/opinion-papers/103-expert-opinion-geo.pdf
- რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ თავის დროზე მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის განცხადებები, რომ სააკაშვილი 2008 წელს წინასწარი განზრახვით, რუსეთთან შეთანხმებულად მოქმედებდა [გაპრეზიდენტების შემდეგ ზურაბიშვილმა ამ საკითხში პოზიცია შეარბილა - რედ.]?
- განცხადებები რაიმე მსგავს შეთქმულებაზე ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია, აბსურდულია და წარმოადგენს ან სულელურ შეთქმულების თეორიას, ან, ისევ და ისევ, შეგნებულ ტყუილს.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ჩემსავით დეტალურად შეისწავლის ომის წინა პერიოდში რუსეთის მოქმედებებს, დაადასტურებს, რომ მოსკოვი თანმიმდევრულად, გააზრებულად და მიზანმიმართულად ემზადებოდა ომისთვის - როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. 7 აგვისტოს სამხედრო თავდასხმა საქართველოზე იყო რუსეთის ამ ხანგრძლივი გეგმების და მოსამზადებელი ღონისძიებების კულმინაცია. ხოლო ამგვარი უსაფუძვლო შეთქმულების თეორიები წარმოადგენს რუსული პროპაგანდის ხელშეწყობას.
პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი; პიტსბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის წვეული ლექტორი ვასილ რუხაძე:
«ძალიან სამწუხაროა, რომ ქართული ინტელექტუალიზმი, ან, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ფსევდოინტელექტუალიზმი, ვერაფრით გასცდა იმის თემას, თუ ვინ დაიწყო 2008 წლის ომი, ვინ წამოეგო თუ არ წამოეგო პროვოკაციას და საერთოდ, რუსეთი არის თუ არა ჩვენი მტერი. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაოდენ მძიმე მდგომარეობაში არიან დღეს ქართული ინტელექტუალური წრეები, რომლებიც ფაქტობრივად, დაცლილები არიან ყოველგვარი შემოქმედებითი იდეებისგან და ენერგიისგან. ეს განსაკუთრებით დასანანია საქართველოში არსებული უამრავი სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემის ფონზე.
2008 წლის ომი საქართველოს არ დაუწყია, არც მისი რამენაირად პროვოცირება მოუხდენია და არც რაიმე პროვოკაციაზე წამოგებულა. ომი რუსეთმა მიზანმიმართულად დაიწყო და დაიწყებდა იმის მიუხედავად, თუ რას გააკეთებდა საქართველო. რუსეთმა ომი დაიწყო იმიტომ, რომ სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოს არსებობა ამ რეგიონში მოსკოვის იმპერიულ ჰეგემონიას ხელს უშლის. შესაბამისად, რუსეთის დღევანდელი რეჟიმისთვის ომი საქართველოს დასუსტების და თანმიმდევრული დეზინტეგრაციის მექანიზმია. 2008 წლის ომი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მონაკვეთი გახლდათ რუსეთის მრავალწლიანი აგრესიის ისტორიაში.
რაც შეეხება მმართველი გუნდისა და მის მიერ თავის დროზე მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის - იმხანად საგარეო საქმეთა მინისტრ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს ამ უკანასკნელის დამსახურებით საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანის შესახებ, მხოლოდ საქმეში სრულიად ჩაუხედავმა პიროვნებამ ან სიცრუის მიზანმიმართულად გამავრცელებელმა შეიძლება, თქვას, რომ საქართველოდან ჯარები სალომე ზურაბიშვილმა გააყვანინა. ჯარების გაყვანა მთლიანად არც მაშინდელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების პირადი დამსახურება ყოფილა. ამ პროცესებს ცოტა უფრო ღრმა მიზეზებიჰქონდა. ვინც ამ მოვლენებს ცოტათი მაინც იცნობს, კარგად იცის, რაც მოხდა სინამდვილეში. დასავლეთის, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების გარეშე რუსეთის ჯარები მაშინ საქართველოს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ».
"სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს" და "საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის" ხელმძღვანელ გიორგი მოლოდინს კი ვთხოვეთ, ჩეხოსლოვაკიის 1938 წლისა და საქართველოს 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპული მოკავშირეების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით გაეკეთებინა შეფასება:
- დღეის გადმოსახედიდან, თუ 2008 წლის მოვლენებს გლობალურ მასშტაბში გავაანალიზებთ და საქართველოს დასავლელი მოკავშირეების იმჟამინდელ მოქმედებაზე გავაკეთებთ აქცენტს, ხედავთ თუ არა მსგავსებას ჩეხოსლოვაკიის 80 წლის წინანდელ და საქართველოს 2008 წლის მოვლენებს შორის და თუ კი, რაში მდგომარეობს ისინი?
- ქართველი ისტორიკოსები ხშირად შენიშნავენ, შეიძლება სამართლიანადაც, რომ 1921 წელს საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული რეალიები საქართველოსთან მიმართებაში 2008 წელს კიდევ ერთხელ გნამეორდა. მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში განვითარებული მოვლენებიც იძლევა ინტერპრეტირებისა და მსგავსებების შესაძლებლობას. თუ ასეთ დაშვებას გავაკეთებთ, მაშინ უნდა გავიაზროთ, რომ ეს არის საერთაშორისო/სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მთავარი გამოწვევა. მიუხედავად იმისა, რომ ცივილური სამყარო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მთელ რიგ საკითხებზე შეთანხმდა და მიაღწია კონსენსუსს, "რეალ-პოლიტიკა" არსად წასულა. შესაბამისად, ერთ-ერთი გამოსავალი საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა სტრატეგიულ კომუნიკაციებშია, საკუთარი შესაძლებლობების სწორ პრომოუტინგსა და ტრადიციული და თანამედროვე ეროვნული ძალების (National Power - დიპლომატია, სამხედრო ძალა, ეკონომიკა, ინფორმაცია, ინტერნეტ-დომეინი) ეფექტიან გამოყენებაშია.
მიუხედავად ამისა, გვაქვს ცვლილებები და სიახლეები საერთაშორისო ურთიერთობებში. მსოფლიო უფრო ტრანსპარენტულია, ცოდნის გადაცემის პროცესი - კიდევ უფრო დემოკრატიული. ტყუილ-მართლის გარჩევა გაადვილდა, უფრო მარტივად ხდება მოსახლოების მედეგობის ზრდა, გონიერ ადამიანთა აზრის მობილიზება და შეკავშირება დროსა და სივრცეში.
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა 2008 და შემდგომ წლებში რუსეთ–საქართველოს დაპირისპირებაში, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხში დასავლეთ ევროპის რიგი წამყვანი სახელმწიფოების (იგივე გერმანიიის, საფრანგეთის...) მსგავსი პოზიცია?
- პირველი: ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა და ბოლომდე ვერ უთხრა უარი ქვეყნის მმართველობის მანკიერ და მახინჯ ფორმებს. ეს ყველაფერი არ აგზავნიდა შესაბამის გზავნილს გარე სამყაროსთან. ჩვენ ვერ დავამტკიცეთ, რომ ვიმსახურებდით და რომ მართლაც გვსურდა სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი - კორუმპირებული, არატოლერანტული, ცუდი ეკონომიკის, სუსტი სამხედრო ძალის მქონე ქვეყნად და საზოგადოებად წარმოგვაჩინეს და წარმოვაჩინეთ საკუთარი თავი. მეორე: რა თქმა უნდა, ჩვენს ამ უნიათობას ხელს უწყობდა, ახალისებდა და აძლიერებდა კრემლი, რომელიც დაინტერესებული იყო, არის და იქნება, რომ საქართველო და მთლიანად ქართული საზოგადოება 90-იანებში მიყენებული პოლიტიკური და ეკონომიკური ტკივილებით აცხოვროს. აი, ეს ორი ფაქტორი ქმნიდა ჩვენზე წარმოდგენებსა და ატიტუდებს, რომელიც არ აღმოჩნდა საკმარისი ჩვენთვის იმაზე მეტის გასაღებად, ვიდრე გაიღეს.
აჯობებს, პრობლემები ჩვენში ვეძებოთ. მაგალითად, საქართველო-გერმანიის სახელმწიფოებრივი ურთიერთობების დაწყებიდან დღემდე ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ორგანიზებულ და მხარდაჭერილ პროექტს, რომელიც გერმანიაში საქართველოს იმიჯსა და ავტორიტეტზე ღირსეულად იზრუნებდა. ვერ შევძელით გერმანიაში ქართველი სტუდენტების „ხმის გაძლიერება“ და შეიძლება, ითქვას, რომ ქვეყნის ავტორიტეტსა და იმიჯზე ზრუნვა სტუდენტების მცირე ჯგუფის ენთუზიაზმზე, მათ მწირ პირად შემოსავლებსა და მოვალეობაზეა დამოკიდებული. ვერ გავაჩინეთ მუდმივი, სტაბილური და ღირსეული ადგილი ქართველი მკვლევარ-მეცნიერებისთვის გერმანულ სამეცნიერო სივრცეში და პირიქით, ქართულში - გერმანული.
- თუ ატყობთ განვლილი 10 წლის განმავლობაში ამ საკითხში ხსენებული დასავლეთ ევროპული ქვეყნების პოზიციებში ხელშესახებ, საგრძნობ ცვლილებებს?
- მანამ, სანამ საქართველო რჩება ევროპული დემოკრატიის სახელმწიფოდ, ჩვენ გვაქვს შანსი, გვყავდეს მეგობრები. მაგალითისათვის, 2017-2020 წლებში ევროპული კავშირი საქართველოში €453 მილიონს დახარჯავს. ეს თანხა ქართული სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის და ხალხზე ორიენტირებული სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებას ხმარდება. 2017 წლის მონაცემებით, ევროკავშირის დახმარების შედეგად საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე 6000.000 დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიტანეთ. ეს სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დახმარების პრაქტიკული შედეგია.
ეს არის ნათელი მაგალითი იმ განწყობებისა და დამოკიდებულებებისა, რომელიც აქვთ ჩვენს მიმართ. სანამ დემოკრატიული პრინციპები იქნება ჩვენი განვითარების საფუძველი, მანამდე ჩვენს მეგობრობას საფრთხე ნაკლებად დაემუქრება.
- მიუხედავად წინაღობებისა, საქართველო დღესაც აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. თუ შეიძლება, კიდევ ერთხელ განვუმარტოთ მკითხველს, რატომ მიჰყვება საქართველო ამ გზას და რატომ გვაქვს არჩეული ეს მიზანი – გავხდეთ ევროპული ოჯახისა და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო?
- საქართველო, როგორც მცირე, უნიკალური ერი, გადარჩება, გაძლიერდება და განვითარდება მხოლოდ იმ სივრცეში, სადაც დაცულები და განვითარებულები არიან სხვა ევროპული მცირე ერები. დასავლეთი, როგორც მეგობარი და პარტნიორი, დღეს საქართველოს თვითმყოფადობის შენარჩუნების გზაზე ერთადერთი სტაბილური პარტნიორია. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დასავლეთი, რომელიც საქართველოს სთავაზობს ეკონომიკური წინსვლის, პოლიტიკური გაძლიერებისა და მეტი უსაფრთხოების შანსს, აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ მტრულ გარემოში მყოფმა ქართველებმა შევძლოთ ეროვნული განვითარება, ჩვენი თვითმყოფადობის, კულტურისა და ხელოვნების შენარჩუნება და დახვეწა.
მანამ, სანამ რუსეთი მზაკვრულად იკავებს ახალ-ახალ ქართულ მიწებს, ბლოკავს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე, ჩვენ ვირჩევთ დასავლეთს, რადგან მხოლოდ მას მოაქვს კეთილდღეობა ჩვენი ოჯახებისთვის.
უბრალოდ, ეს არ ნიშნავს ჩვენს უმოქმედობას, რადგან ჩვენც უნდა აგვირჩიონ რაღაც მიზეზის გამო...
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021