"საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით"
14/03/2022 08:30:32 პოლიტიკა
"საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით", ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში წლიური მოხსენების დროს სიტყვის გამოსვლისას განაცხადა.
"დღეს ჩვენ თვალწინ შემზარავი კადრები იშლება. რუსეთის მიერ დაბომბილი საავადმყოფოები, საბავშვო ონკოლოგიური საავადმყოფო, ბაგა-ბაღები და სკოლები, თუნდაც ერთმორწმუნე ერის ეკლესიები. მოხუცების და ორსულების ევაკუაცია. უკრაინელი მეომრების, თუ რიგითი მოქალაქეების შეუპოვარი ბრძოლა საკუთარი მიწის, სამშობლოს დასაცავად და დამოუკიდებლობის გადასარჩენად. რუსულ აგრესიასთან ასეთი თავგანწირული ბრძოლა ჩვენში მხოლოდ პატივისცემას, სოლიდარობასა და გვერდში დგომას იწვევს. საქართველო იდგა და დგას უკრაინის და უკრაინელების გვერდით! მინდა გთხოვოთ ფეხზე ადგომით დავუდასტუროთ ჩვენი სოლიდარობა! გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ თავდადებულ გმირებს! მადლობა მინდა მოვახსენო ჩვენთან მოსულ უკრაინის წარმომადგენელს, ბატონ ანდრიი კასიანოვს და მასთან ერთად ყველას, ვინც დღეს კიევში, ოდესაში თუ მარიუპოლში ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ევროპულ მომავალს იცავს. მინდა იცოდეთ თქვენ, (მივმართავ ელჩის მოვალეობის შემსრულებელს), რომ აქ გამოვხატავთ სრულიად საქართველოს ერთიან სულისკვეთებას. აქ გამოვხატავთ, ყველა აქ შეკრებილნი, სახელმწიფოს და მისი ყველა ინსტიტუტის, ყველა პოლიტიკური ძალის და რიგითი მოქალაქეების მხარდაჭერას. ასევე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს აქ, ჩვენთან ერთად, ეკლესიაა წარმოდგენილი და ჩვენ ყველა ერთად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უკრაინას და უკრაინელებს!", – განაცხადა პრეზიდენტმა.


